თბილისში ისრაელის წამყვანი მედიასაშუალებების 15-მდე წარმომადგენელი ჩამოდის.ვიზიტის მიზანია, საქართველო-ისრაელის ურთიერთობებისა და პერსპექტივების გაცნობა, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესწავლა და ისრაელის პრესისა და საინფორმაციო სააგენტოებისთვის მასალების მომზადება.
ისრაელელი ჟურნალისტები თბილისს საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის, „ისრაელის სახლისა“ და ისრაელის კომპანია „დორონ თრეველის“ ორგანიზებით ეწვევიან. პრესტურში მონაწილეობენ ისეთი ცნობილი გამოცემებისა და სააგენტოების წარმომადგენლები, როგორიცაა მრავალმილიონიანი აუდიტორიის მქონე საინფორმაციო სააგენტო YNET, ISRAEL HAYOM, MASA ACHER, NEWS, WALLA, PASSPORT NEWS, NEWS OF TOURISM, MAKO და სხვ.
ისრაელელი ჟურნალისტები პირველ შეხვედრას 9 იანვარს, 15.00 საათზე საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატასა და „ისრაელის სახლში“ გამართავენ, სადაც ბიზნეს პალატის პრეზიდენტი და „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე ისაუბრებს ისრაელსა და მსოფლიო ებრაელობასთან საქართველოს ურთიერთობებსა და პოტენციალზე.
ღონისძიებას დაესწრება, აგრეთვე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, რომელიც მედიატურის მონაწილეებისთვის გამართავს პრეზენტაციას, თემაზე „საქართველოს ტურიზმის პოტენციალი - 2017“. საუბარი შეეხება, აგრეთვე, ისრაელში საქართველოს პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის სააგენტოს აქტიურ მუშაობას.
აღსანიშნავია, რომ საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის და „ისრაელის სახლის“ თაოსნობით, შარშან ისრაელში, საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ ორი წიგნის გამოცემა სწორედ ტურიზმის სააგენტოსთან თანამშრომლობით მოხერხდა.
ღონისძიებაზე დაგეგმილია საქართველოში მოქმედი ისრაელური ტურისტული კომპანიის „დორონ თრეველის“ დაჯილდოება ისრაელიდან და მსოფლიო ებრაელობიდან საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტის შემოყვანისთვის (20 ათასი ტურისტი წლიურად).
შემდეგ შეხვედრის მონაწილეები, მათ შორის ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, გადაინაცვლებენ თბილისში, ისრაელური ინვესტიციით მოქმედ ბუტიკ სასტუმროში „კორალ“ (დ.უზნაძის ქ. #113ბ), სადაც საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი გამართავს პრეზენტაციას თემაზე „ინვესტიციები სასტუმროებში ისრაელიდან - შედეგები“.
მომდევნო დღეებში ისრაელელი ჟურნალისტები მოინახულებენ საქართველოს რეგიონებსაც.