ზოე პერე საქართველოში პირველად 2006 წელს ჩამოვიდა და უკვე ათი წელია აქ ცხოვრობს. მანამდე საფრანგეთში ეთნომუსიკოლოგიაზე სწავლობდა და საქართველოსა და ქართული მრავალხმიანი სიმღერის შესახებ ინფორმაციას უკვე ფლობდა. 36 წლის ფრანგი ზოე ამჟამად ქართულ ხალხურ ანსამბლში "იალონი" მღერის და ლესელიძის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ბარის "ზოესთან" დამფუძნებელია.
"2006 წელს საფრანგეთში ვმუშაობდი ფესტივალის ორგანიზებაზე, რომელიც სამხრეთ კავკასიის მუსიკაზე იყო. მაშინ გავიცანი ქართველები, რომლებმაც საქართველოში დამპატიჟეს. მალევე ჩამოვედი და დავრჩი კიდეც.
ბევრი კარგი ისტორია მქონდა მოსმენილი საქართველოსა და ქართველებზე.
ქართული მუსიკაც მაინტერესებდა. თავიდან ერთი წლით ჩამოვედი. ერთი კონკრეტული პროექტის ფარგლებში მოხალისედ ვმუშაობდი. იმ პერიოდში დავიწყე ქართული სიმღერის სწავლა და ერთი წლის მერე წასვლა აღარ მომინდა. აი, უკვე ათი წელია აქ ვცხოვრობ," - ამბობს ზოე პერე.
- როგორ ფიქრობთ, საბოლოოდ დასახლდით საქართველოში?
- ვერასდროს ვიტყვი, რომ სადმე სამუდამოდ დავსახლდი. არც აქ ვაპირებდი ამდენი ხნით დარჩენას, მაგრამ ფაქტია, რომ 10 წელია აქ ვარ. 2 წელზე მეტია ეს ბარი გავხსენი. ანსამბლშიც ვმღერი. ბევრი რამ მაკავშირებს საქართველოსთან, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ სამუდამოდ აქ უნდა ვიყო. სიმღერა ყველაზე მეტად მაკავშირებს ამ ქვეყანასთან. ახლა მინდა, რომ ამ მიმართულებით უფრო განვვითარდე და მთლიანად სიმღერით დავკავდე.
- რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ საქართველოში?
- ძალიან მომწონს, რომ აქ ურთიერთობები და მეგობრობა შეუზღუდავია. ადამიანების მიმართ მხარდაჭერა და სოლიდარობა მეტად ძლიერია. თაობებს შორის პატივისცემაა. საფრანგეთში თაობები უფრო გაყოფილია. საქართველოში საკმაოდ ხელგაშლილი ხალხი ცხოვრობს. ბევრი ფული არ აქვთ, მაგრამ ვისაც როგორ შეუძლია, ისე ეხმარება სხვას.
საქართველო მძიმე ისტორიის მქონე ქვეყანაა, რომელსაც ბევრი სპეციფიკური დამახასიათებელი აქვს. ეს ახალგაზრდა თაობამ არ უნდა დაივიწყოს. მე ვგულისხმობ კულტურას, ხალხურ ცეკვას და სიმღერას. თუმცა, აქ კიდევ ერთი პრობლემა იჩენს თავს. მე ქართული ხალხური სიმღერის წრეში აქტიურად ვარ ჩართული და კარგად ვხედავ ამ პრობლემას. კარგია, რომ საკუთარ სიმღერას აფასებენ, მაგრამ სხვასაც პატივი უნდა სცენ. საკუთარი კარგი თვისებები სხვა ქვეყნების საწინააღმდეგოდ არ უნდა გამოიყენონ. არ უნდა თქვა, რომ მხოლოდ შენ გაქვს კარგი და სხვა არ უნდა დაამცირო. აქვე ჩნდება მეორე საკითხი, მეორე უკიდურესობა. ახალგაზრდები ხშირად უარყოფენ საკუთარ კულტურულ საგანძურს და ამბობენ, რომ ის წინა საუკუნეების გადმონაშთია.
არსებობს სტერეოტიპი, რომ ქართული ხალხური სიმღერა გოიმური და სოფლურია.
ესეც არ მომწონს, რადგან ყველა ტრადიცია არ უნდა უარვყოთ. ჩემს ბარში ვატარებ ხოლმე ტრადიციული ქართული სიმღერის საღამოებს. ჩვენი სტუმრების უმეტესობა ამ მუსიკას არ უსმენს და მე მინდა, რომ მათ ყურამდეც მივიტანო ეს საგანძური, ვაჩვენო, რომ კარგია. ხიდი აკლია საზოგადოების სხვადასხვა ნაწილს და ეს მინდა, გამოსწორდეს.
ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნება თუ მეზობელ ხალხებთან უკეთესი ურთიერთობები იქნება დამყარებული. საზოგადოებაში მეზობლების მიმართ ბევრი სტერეოტიპი არსებობს და ეს არ მომწონს.
ჩემი აზრით, მეტ-ნაკლებად პრობლემატურია ქალების როლის საკითხი. მანდილოსნების სადღეგრძელო ქართულ სუფრაზე ერთ-ერთი პირველია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ქალს არ ვუყუროთ, როგორც მხოლოდ დიასახლისს. მანდილოსანი არაა მხოლოდ სილამაზე და დეკორაცია. ორმხრივი შეგრძნება მაქვს ხოლმე ამ სადღეგრძელოზე. ერთის მხრივ, კარგია რომ ქალს ასეთი როლი აქვს მინიჭებული. მაგრამ მეორე მხრივ, ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ საკითხთან და ქალი სათანადოდ უნდა დავაფასოთ. ქალთა მიმართ ძალადობა მხოლოდ საქართველოს პრობლემა არაა. ამ საკითხზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ და ფაქტები არ უნდა დავმალოთ. ვისურვებდი, რომ ქალი და მისი როლი სხვანაირად იყოს დანახული.
ასევე, ვისურვებდი, რომ ნებისმიერი უმცირესობის ინტერესების დაცვა უკეთესად ხდებოდეს.
ეს არ უნდა იყოს ევროპიდან წამოსული ლამაზი სიტყვები, ყველა ოჯახში უნდა მოხდეს ამის აღიარება. უმცირესობის მიღება არ უნდა განიხილებოდეს, როგორც უმრავლესობის ინტერესების ჩაკვლა. მნიშვნელოვანია, რომ პატივისცემა, ტოლერანტობა და ერთმანეთის გაგება იყოს. მათი დაიგნორება არ უნდა მოხდეს, რადგან ქსენოფობია პირველ რიგში იგნორით იწყება. ზედმეტი ნაციონალიზმი კი შეიძლება ფაშიზმში გადაიზარდოს. სწორედ ამიტომ, დიდ პატივს ვცემ უმცირესობების უფლებების დამცველებს. მეტად რთულ საქმეს აკეთებენ და მიხარია, რომ ასეთი აქტიურები არიან.
- თქვენ, როგორც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელს, რა სირთულე გხვდებათ ხოლმე?
- მე ევროპიდან და ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან ვარ და ჩემთვის უცხო საზოგადოებაში ადაპტაცია უფრო მარტივია.
ეთნიკურ უმცირესობებზე საუბრისას, მე ვგულისმობდი მეზობელი ერების წარმომადგენლებს, იმ ხალხს, ვინც აქ წლებია ცხოვრობს და ქართული საზოგადოება მათ მაინც არ აღიარებს. მე უმეტესად კეთილგანწყობით მხვდება საზოგადოება. თუმცა, ზოგიერთი კონსერვატიული მენტალიტეტის ადამიანისგან შემხვედრია დამოკიდებულება, რომ მე ქალი ვარ და რიგ შემთხვევაში შეიძლება საქმეს თავი ვერ გავართვა. ვცდილობ, ამ ყველაფერს ყურადღება არ მივაქციო. იხილეთ გაგრძელება