2017 წლის იანვარიდან მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას ანაზღაურება გაეზრდება, საშუალო ხელფასი კი 800 ლარი გახდება. ასეთია განათლების სამინისტროს გეგმები. თუმცა რეალურად იზრდება არა საბაზისო ხელფასი, არამედ სტატუსთან მიბმული დანამატი.
ამჟამად არსებობს მასწავლებლის სამი სტატუსი: უფროსი, წამყვანი და მენტორი. სწორედ ამ სტატუსების მიხედვით მოხდება დანამატის გაზრდა. ასევე, მაღალმთიან დასახლებაში მომუშავე პედაგოგები მიიღებენ დანამატს.
სტატუსის შესაბამისი დანამატების რაოდენობა ასე გამოიყურება:
• უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი – სრული დატვირთვის შემთხვევაში, ნაცვლად დღეს არსებული 180 ლარისა, იქნება 320 ლარი, ხელზე ასაღები – 256 ლარი.
• წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი – სრული დატვირთვის შემთხვევაში, ნაცვლად დღეს არსებული 270 ლარისა, იქნება 500 ლარი, ხელზე ასაღები – 400 ლარი.
• მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი – სრული დატვირთვის შემთხვევაში, ნაცვლად დღეს განსაზღვრული 500 ლარისა, იქნება 700 ლარი, ხელზე ასაღები – 560 ლარი.
• მაღალმთიან დასახლებაში მომუშავე პედაგოგის დანამატი – 142 ლარი იქნება.
ანაზღაურების მატება შეეხება 18 494 უფროს მასწავლებელს და 213 წამყვან მასწავლებელს. 2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელი სქემაში არ ფიქსირდება, ამიტომ მენტორის გაზრდილ დანამატს 0 მასწავლებელი მიიღებს.
მაღალმთიან რეგიონებში კი 10 000-მდე პედაგოგია დასაქმებული.
სქემით გათვალისწინებული სტატუსების მიხედვით დანამატების გარდა, მასწავლებელს მიეცემა თანამდებობრივ სარგოებზე არსებული დანამატებიც:
• კლასკომპლექტით (ერთი მასწავლებლის მუშაობა ორ ან მეტ გაერთიანებულ კლასთან) სწავლების დანამატი;
• არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართულის, როგორც მეორე ენის, საქართველოს ისტორიის, საქართველოს გეოგრაფიის სწავლების დანამატი; იხილეთ გაგრძელება