ბათუმში სასპორტო სკოლის მშენებლობასთან და არსებული სპორტული სახეობების დროებით განთავსებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.
როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე აცხადებს, ვიდრე სპორტული სექციებისთვის ალტერნატიული ფართის გამოყოფა არ მოხდება, მანამდე შენობის დემონტაჟი არ განხორციელდება.
„ჩვენ ვგეგმავთ, რომ ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე ახალი სპორტული ცენტრი აშენდეს. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ბათუმში, ყინულის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპორტის სასახლეს ააშენებს. დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამას ემსახურება, რომ მოვისმინოთ და გავიგოთ სპორტული სექციების წარმომადგენლების მოსაზრება. ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალურად გახსნილები ვიყოთ და მივიღოთ მათი წინადადებები. ჩვენ მალე მსოფლიო დონის სპორტსკოლა გვექნება, რომელიც სპორტსმენებს სჭირდებათ“ ,- განაცხადა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ.
ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, ასევე აჭარაში მოქმედი სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, სპორტსმენები და მწვრთნელები ესწრებიან.