რყევები არის მოკლევადიანი, გრძელვადიან ნაწილში ჩვენ არ გვაქვს სერიოზული მიზეზები იმისთვის, რომ ლარის კურსი უფასურდებოდეს , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველო არის პატარა და ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანა და „განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხდება მოლოდინების გამძაფრება, ხდება გადამეტებული რეაგირება ლარის კურსზე“.
მისივე თქმით, დეკემბერ-იანვარში გაუფასურების შემდეგ, მოხდა ლარის კურსის გამყარება და დღევანდელი მონაცენებითაც, ეროვნული ვალუტა მყარდება.
„კიდევ ერთხელ ვიმორებ, რომ ეს რყევები არის მოკლევადიანი, გრძალვადიან ნაწილში ჩვენ არ გვაქვს სერიოზული მიზეზები იმისთვის, რომ ლარის კურსი უფასურდებოდეს. გრძალვადიან პერსპექტივაში ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ლარის კურსი გამყარდება, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ამისთვის გასაკეთებელია ბევრი რამ. პირველ რიგში, ეს გახლავთ სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რომლის განსახორციელებლად შექმნილია 4-პუნქტიანი გეგმა“, - განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, სწრაფი ეკონომიკური ზრდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა - ეს ის მექანიზმებია, რომელიც ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემების გასწორების საშუალებას იძლევა.
„ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი სავაჭრო ბალანსი, რომელიც გვერგო მემკვიდრეობით და ამ სავაჭრო ბალანსის გასწორება ერთ დღეში, ერთ და ორ წელიწადში შეუძლებელია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი 4-პუნქტიანი გეგმის ძირითადი მიზანია, მივაღწიოთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, გავასწოროთ ჩვენი სავაჭრო ბალანსი და შევქმნათ ისეთი ბიზნესგარემო, რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაწილში კიდევ უფრო პროგრესული იქნება“, - განაცხადა გახარიამ.