ჩვენი ძირითადი მიზანია, რომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები დასრულდეს ჩვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვით , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ქართულ მხარესა და „გაზპრომს“ შორის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ჩვენ ძირითადი მიზანი გახლავთ, რომ ეს მოლაპარაკებები დასრულდეს ჩვენი ინტერესების მაქსიმალური შესაძლებელი დაცვით. მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ გვჭირდება მოწოდების ბაზრების დივერსიფიკაცია. მით უმეტეს, რომ იყო რამდენიმე მცირე შემთხვევა, როდესაც მოწოდებაში გარკვეული პრობლემები, რისკები იქმნებოდა. ამიტომ საჭიროა, რომ ჩვენ ყველა მხარეს ვესაუბროთ. ჩვენი ძირითადი ამოსავალი მიზანი უნდა იყოს, რომ ჩვენი ბაზარი იყოს დივერსიფიცირებული. ჩვენ გვქონდეს მაქსიმალურად ობიექტურად დადგენილი ფასი და შესაბამისად, ამან ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. ეს არ გახლავთ მხოლოდ სოციალური მომენტი, ჩვენს ეკონომიკას სჭირდება ხელსაყრელი ენერგია“, - განაცხადა გახარიამ.
კითხვაზე - შესაძლებელია თუ არა ქართული მხარე დათანხმდეს „გაზპრომის“ შეთავაზებას, რომელიც სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, საქართველოსთვის ფულად ანაზღაურებას გულისხმობს, ეკონომიკის მინისტრის თქმით, ყველაფერი შესაძლებელია იმ მიზნის მისაღწევად, რომ ბაზარი იყოს დივერსიფიცირებული, ფასი იყოს საბაზრო და ამ ხელშეკრულებამ ხელი შეუწყოს ეკონომიკის განვითარებას.
როგორც ცნობილია, სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე „გაზპრომისგან“ გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებს. შესაბამისი ხელშეკრულება ერთწლიანია და ამჟამად მის განახლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „გაზპრომის“ წარმომადგენლები ქართულ მხარეს ტრანზიტის სანაცვლოდ ფულად ანაზღაურებას სთავაზობენ. „გაზპრომის“ წარმომადგენლებთან 2 შეხვედრა უკვე გაიმართა, თუმცა ჯერჯერობით შეთანხმება არ მიღწეულა.