მთავრობის მიერ ონლაინ სესხების კომპანიების რეგულირების დაანონსების შემდეგ ონლაინ სესხების რამდენიმე კომპანია მიკროსაფინანსო ორგანიზაციად უკვე გადაკეთდა.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ეკონომიკის ექსპერტმა ემზარ ჯგერენაიამ განაცხადა, ონლაინ სასესხო კომპანიების მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად გადაკეთება ამ სფეროში არსებულ რთულ ვითარებას არ შეცვლის.
„10-15 კომპანიის მიკროსაფინანსო კომპანიის სტატუსის ქვეშ გადასვლით კომპანია მხოლოდ იურიდიულ სტატუსს იცვლის. ეს კი პრობლემას არ გაქრობს და ვერც იმ შედეგს მივიღებთ, რაც გვინდა. ასევე აღსანიშნავია, რომ თვითონ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგულირების საკითხიც დგას, რადგან ეს კომპანიები დღეს იმ ფორმით რა ფორმითაც მიჩვეული ვართ, არ რეგულირდება,“-აღნიშნა ჯგერენაიამ.
აღნიშნულს დადებითად აფასებს ექსპერტი ლევან კალანდაძე, რომელიც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ კომპანიების მიკროსაფინანსოებად გარდაქმნით თავად კლიენტები არ დაზარალდებიან, რადგან კომპანიები თავიანთი საკრედიტო პორტფელის მიკროსაფინანსოს საკრედიტო პორტფელად ტრანსპორტირებას ახდენენ.
„პროცენტებს რაც შეეხება, უმჯობესია ხელისუფლების მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო პაკეტს დაველოდოთ. მთავრობა ერთ-ერთ მოდელად ზედა ზღვარის დაწესებასაც განიხილავს. თუმცა, ჯერჯერობით არ ვიცი როგორი იქნება საკანონმდებლო რეგულაცია. მსესხებლების მიერ უკვე აღებულ სესხებთან დაკავშირებით არაფერი შეიცვლება, მაგრამ მივიღებთ სახელმწიფო რეგულირებად სფეროს, რომელიც თავისი სანდოობით და გადახდისუნარიანობის დონით არის გაცილებით უკეთესი,“ - აღნიშნა კალანდაძემ.
ონლაინ სესხების კომპანიები მიკროსაფინანსოებად გასული წლის დეკემბრის დასაწყისიდან გადაკეთდა.
ამ დროისთვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სტატუსი აქვთ ყოფილ ონლაინ სასესხო კომპანიებს „მონლაინს“, „ესპრესოს“, „ისთ ვესთ კაპიტალსა“ და „სისი ლოუნს“, „ემ ბი ესს“, „ინფინიტისა“ და „მოზოს“.
საქართველოში ჯამში 80 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა რეგისტრირებული.