კონკურენციის სააგენტომ Booking.com-ის წინააღმდეგ საჩივართან დაკავშირებით მოკვლევის დაწყებაზე უარი თქვა

კონკურენციის სააგენტომ სასტუმროების დაჯავშნის ონლაინ პორტალ Booking.com-ის საქმეზე მოკვლევა არ დაიწყო.

როგორც კონკურენციის სააგენტო იუწყება, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, ააიპ „კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრის“ განცხადების საფუძველზე, სააგენტომ მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

მათივე განმარტებით, საკითხი Booking.com-ის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტს ეხებოდა, კერძოდ, ხელშეკრულებაში არსებული ე.წ. “MFN პირობების“ შეუთავსებლობას საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობასთან.

„საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის მიზნით, სააგენტომ თვენახევრიანი წინასწარი ადმინისტრაციული წარმოება ჩაატარა - გამოითხოვა და მიიღო ინფორმაცია მოპასუხე მხარისგან, საქართველოში მოქმედი სასტუმროებისგან; Booking.com-სა და ქართულ სასტუმროებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების პირობები შეისწავლა და ამ მიმართულებით საერთაშორისო პრაქტიკა გააანალიზა. აღსანიშნავია, რომ სააგენტოში წარმოდგენილი განცხადება არ შეიცავს რაიმე კონკრეტულ მითითებას Booking.com-ის სახელშეკრულებო პირობებით საქართველოს ბაზარზე კონკურენციისთვის მიყენებული ზიანის შესახებ. სააგენტოს მიერ გამოკითხული ეკონომიკური აგენტებისაგან არცერთს გამოუთქვამს უკმაყოფილება Booking.com-ის საქმიანობასთან მიმართებით; პირიქით, მათი უმრავლესობა Booking.com-ს საკუთარი მომსახურების საჯაროდ შეთავაზების ეფექტურ საშუალებად მიიჩნევს და ქართული ტურისტული ბიზნესის განვითარებაში აღნიშნული პლატფორმის მნიშვნელოვან როლზე მიუთითებს“, - განაცხადეს კონკურენციის სააგენტოში.

მათივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ Booking.com-მა სამართალდარღვევის არსებობა კატეგორიულად უარყო, თუმცა გამოთქვა მზადყოფნა, ევროკავშირის ქვეყნებში დამტკიცებული სავალდებულო პირობები საქართველოს ტერიტორიაზეც ნებაყოფლობით გაავრცელოს.

„ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ბაზარზე Booking.com ოპერირებას იმ პირობებით გააგრძელებს, რომლებიც ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების კონკურენციის ორგანოების მიერ დადგენილი და აპრობირებულია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კონკურენციის სააგენტომ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე, მოკვლევის დასაწყებად გონივრული ეჭვი არ არსებობს“, - განაცხადეს კონკურენციის სააგენტოში.

ამასთან, სააგენტო გეგმავს, მოქმედი ეკონომიკური აგენტების საქმიანობის საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ბაზრის მონიტორინგი განახორციელოს.