დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანები 29 მილიარდი დოლარით გამდიდრდნენ

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანები საერთო ჯამში, 29 მილიარდი აშშ დოლარით გამდიდრდნენ.

ბრიტანული გამოცემა The Independent-ის ცნობით, იმ ადამიანებს შორის, ვინც სარგებელი ნახეს რუსული აქციების ფასის ზრდითა და რუბლის გამყარებით, რუსეთის პრეზიდენტის ყველაზე ახლო მოკავშირეებიც არიან.

დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ნავთობისა და გაზის მაგნატის გენადი ტიმჩენკოს აქციების ფასი გაზის კომპანია „ნოვოტეკში“ 1.8 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა. ტიმჩენკო, რომელიც "ნოვოტეკში" აქციების 23%-ს ფლობს, 2014 წელს აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სიაში მოხვდა.

რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის ლეონიდ მიხელსონის ქონება ასევე ძალიან გაიზარდა. ტრამპის არჩევის შემდეგ მან 1.9 მილიარდი აშშ დოლარის მოგება ნახა, ხოლო მისი კაპიტალი 18.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ბრიტანული გამოცემის ცნობით, რუსმა ოლიგარქებმა ასევე ნახეს სარგებელი რუსული ვალუტის გამყარებით. 2014-2015 წლებში რუსული რუბლი აშშ დოლართან მიმართებაში 55%-ით გაუფასურდა, მაგრამ 2016 წელს 20%-ით გამყარდა, რაც ნავთობის ფასის გაზრდას უკავშირდება.