თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, დაზიანებული ხეების მოჭრის გაზრდილი სტატისტიკა სანიტარულ ჭრებს უკავშირდება, რომელიც სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე განახორციელეს.
დედაქალაქის მერი IDFI-ის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც წინა წლებთან შედარებით 2016 წელს თბილისის მერიის ნებართვებით მოჭრილ ხეებს შორის დაზიანებულის სტატუსი მინიმუმ 5-ჯერ მეტ ხეს მიენიჭა.
ნარმანიას თქმით, ხეების მოჭრასთან დაკავშირებით სპეციალისტების დასკვნა არსებობს, რომლის საფუძველზეც სანიტარული ჭრები განხორციელდა.
„2016 წელს ჩვენ ვახორციელებდით სანიტარულ ჭრებს, რომლის ფარგლებშიც ჯერ ხდებოდა ხეების მდგომარეობის შეფასება, მათი ნუმერაცია და მხოლოდ ამის შემდეგ ხდებოდა ხეების მოჭრა. ეს არის ძირითადი ფაქტორი, რამაც გამოიწვია აბსოლუტურ მაჩვენებლებში ციფრების ზრდა, თუმცა სანიტარული ჭრები არის აუცილებელი იმისთვის, რომ დაზიანებულმა, დაავადებულმა ხეებმა შემდგომ სხვა ჯანსაღი ხეები არ დააზიანოს“, - განაცხადა ნარმანიამ.
მისივე თქმით, აღნიშნული ხეების მოჭრის გადაწყვეტილება სპეციალისტების დასკვნას ეფუძნება.
„შეფასება ხდება წინასწარ, ვიდრე ხეების დანომვრა მოხდება. შესამაბისად, ამაზე დაყრდნობით ხდება კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება ხეების მოჭრასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ნარმანიამ.
IDFI-ის ინფორმაციით, 2016 წელს თბილისის მერიის ნებართვებით მოჭრილ ხეებს შორის, წინა წლებთან შედარებით, მინიმუმ 5-ჯერ მეტ ხეს მიენიჭა დაზიანებულის სტატუსი. IDFI-ის მიერ დამუშავებული დოკუმენტაციის მიხედვით, 2013 წლიდან 2016 წლის 16 აგვისტომდე სულ გაიცა 583 ნებართვა 3,552 ხის მოჭრაზე, საიდანაც დაავადებული იყო 827 ხე.
მონაცემების ანალიზიდან ირკვევა, რომ 2016 წელს ხეების მოჭრის შესახებ გაცემულ ნებართვებში, წინა წლებთან შედარებით, 5-ჯერ გაიზარდა დაზიანებული ხეების რაოდენობა. კერძოდ, 2016 წელს (16 აგვისტოს ჩათვლით) ნებართვის საფუძველზე მოჭრილი 709 ხიდან 500-ს ჰქონდა მინიჭებული დაზიანებულის სტატუსი, 2015 წელს 1,088 ხიდან დაზიანებული იყო 111, 2014 წელს 809 ხიდან - 80, ხოლო 2013 წელს 946-დან - მხოლოდ 36.