ბათუმში ახალი ბულვარის სანაპიროზე მიმდინარე ნაპირსამაგრ სამუშაოებთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განცხადება გააკეთეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის გია აბულაძის თქმით, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქს რეალურად პლაჟი აღარ ექნება.
აბულაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ 2012 წელს მომზადებული პროექტით დაიწყოს ნაპირსამაგრი სამუშაოები.
„2012 წელს ნაპირსამაგრი პროექტი მომზადდა და ჰოლანდიურ კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რაც ზღვის სიღრმეში ტალღის მჭრელი დეზის მოწყობას გულისხმობდა, ის დაიცავდა სანაპირო ზოლს და შენარჩუნებული იქნებოდა. ყოველწლიურად ხორციელდებოდა პროექტი, რომლითაც ქობულეთსა და ბათუმის სანაპირო ზოლში ინერტული მასალის შეტანა ხდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს გაუქმდა. დღეს როგორც ხედავთ, დეზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს და ამის დასრულების შემდეგ ფაქტობრივად, ბათუმს სანაპირო ზოლი აღარ ექნება. ეს არის დანაშაული. მთავრობას ვთხოვთ პროგრამის აღდგენას. ასევე გადაიხედოს ის პროექტი, რომლის განხორციელებაც ახლა მიმდინარეობს. არცერთ ტურისტულ ქალაქში ასეთი ტიპის ნაპირსამაგრი სამუშაოები არ ხორციელდება. უკვე ერთ კილომეტრზე აღარ არის პლაჟი“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა გია აბულაძემ.