ახალი ბულვარის ტერიტორიაზე სანაპირო ზოლის გაფართოება იგეგმება , - ამის შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადების საპასუხოდ განაცხადა. როგორც რამაზ ბოლქვაძე აცხადებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ზღვაზე ნაპირდამცავ მშენებლობას განახორციელებს.
რამაზ ბოლქვაძის თქმით, პროექტი დამატებით დაახლოებით 40 მეტრის ახალი ნაპირის გაკეთებას გულისხმობს, სადაც სასეირნო ბილიკები და პლაჟი მოეწყობა.
„შტორმული პროცესები ბულვარის ტერიტორიას გარკვეულ ზიანს აყენებს. არსებობს ტენდერში გამარჯვებული ჰოლანდიური კომპანია, რომელიც ნაპირდამცავი ნაგებობის მშენებლობას განახორციელებს. პროექტი არის იტალიური კომპანიის მიერ შესრულებული და ის გულისხმობს დამატებით დაახლოებით 40 მეტრის ახალი ნაპირის წარმოშობას. ეს იქნება კომფორტულად მოწყობილი ტერიტორია, სადაც სასეირონო ბილიკი და პლაჟი იქნება. პირიქით, სანაპირო ზოლის გაფართოება იგეგმება. არის ძველი პროექტი, რომელიც განახორციელა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ, საუბარია დაახლოებით კილომეტრიან ზოლზე. ახლა ჩვენ ვგეგმავთ ორკილომეტრიან ზოლს, რომელიც აეროპორტის ასაფრენი ბილიკიდან ჟილინის არხამდე მოეწყობა, ეს გულისხმობს ახალი პლაჟის წარმოშობას. ამასთან, ქობულეთში ნაპირდამცავი მშენებლობისათვის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს“, - განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ.
ბათუმში ახალი ბულვარის სანაპიროზე მიმდინარე ნაპირსამაგრ სამუშაოებთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს განცხადება გააკეთეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის გია აბულაძის თქმით, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქს რეალურად პლაჟი აღარ ექნება. აბულაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ 2012 წელს მომზადებული პროექტით დაიწყოს ნაპირსამაგრი სამუშაოები.