რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, პირველ მოადგილესთან ირაკლი მატკავასთან ერთად, იაპონიის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის და ტურიზმის სახელმწიფო მინისტრს რიოსეი ტანაკას შეხვდა. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან იუწყებიან, გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს. განიხილეს სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივები.
სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იაპონიის მთავრობასთან სამომავლო ტექნიკურ და ფინანსურ თანამშრომლობის საკითხებს. გასული წლის დეკემბერში ქართულმა მხარემ, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA) აქტიური მოლაპრაკება დაიწყო ახალი სასესხო ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომელიც რიკოთი-ზესტაფონის მონაკვეთის 15კმ-იანი F4 სექციის მშენებლობის დაფინანსებისათვის იქნება მიმართული, რაც ზესტაფონის შემოვლითი გზის მშენებლობას გულისხმობს.
ზურაბ ალავიძემ სტუმარს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში განსახორციელებელი პროექტები გააცნო, რაშიც სამმილიარდნახევარი ლარი დაიხარჯება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, პროცესების დაჩქარების მიზნით, რიოსეი ტანაკას შუამდგომლობა სთხოვა იაპონიის ფინანსურ ინსტიტუტებთან.
„ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური კავშირის დამყარებიდან 25 წელი გავიდა და მოხარული ვარ, რომ წელს პირველად ვიმყოფები საქართველოში. იაპონიის პარლამენტში მე საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე ვარ და მინდა გითხრათ, რომ ჩემი ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ურთიერთობას. მოხარული ვიქნებით, თუ ეს ვიზიტი წინ წაწევს კონკრეტულ სფეროებში ჩვენს თანამშრომლობას“, - განაცხადა იაპონიის სახელმწიფო მინისტრმა.