აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ „მაგნიტსკის სიაში“ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი და დეპუტატები შეიყვანა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ „მაგნიტსკის სიაში“ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ბასტრიკინი შეიყვანა.

გარდა ამისა, სიაში მოხვდნენ სახელმწიფო დუმის დეპუტატები ანდრეი ლუგოვოი და დიმიტრი კოვტუნი, რომლებსაც დიდმა ბრიტანეთმა ბრალი დასდო ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობაში.

აღნიშნულ სიაში ასევე შეიყვანეს გამომძიებელი სტანისლავ გორდიევსკი, რომელიც Hermitage Capital-ის საქმეში მონაწილეობდა და გენადი პლაქსინი, „დაზოგვის უნივერსალური ბანკის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

აშშ-მა „მაგნიტსკის სიაში“ ის ხალხი შეიყვანა, რომლებსაც რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. სიაში მოხვედრილ პირებს ეკრძალებათ შესვლა აშშ-ის ტერიტორიაზე და მათი აქტივები აშშ-ში გაყინვას ექვემდებარება.

მაგნიტსკის 2008 წელს წაუყენეს ბრალად გადასახადების გადაუხდელობა - მას შემდეგ, რაც მან გამოააშკარავა 230 მილიონი დოლარის მოცულობის საგადასახადო მაქინაციების კორუფციული სქემა, რომელშიც რუსეთის პოლიციისა და მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მაგნიტსკის 11-თვიანმა დაკავებამ და შემდეგ, 2009 წელს, ციხეში მისმა სიკვდილმა საერთაშორისო მასშტაბის სკანდალი გამოიწვია. აშშ-მა საქმესთან დაკავშირებულ რუსეთის ოფიციალურ პირებს სანქციები დაუწესა.