ანაკლიის პორტის ოპერირებით SSA Marine დაინტერესდა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირებით მსოფლიო კლასის პორტოპერატორი SSA Marine დაინტერესდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანია ამ თემაზე მოლაპარაკებებს ”ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ აწარმოებს. საქართველოში იმყოფება SSA Marine-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ბობ უოთერსი, რომელსაც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა.

აშშ-ის უმსხვილესი სანავსადგურე სატერმინალო ოპერატორის, SSA Marine-ის სათავო ოფისი სიეტლში მდებარეობს. კომპანიის მფლობელობაშია ტერმინალები მსოფლიოს 9 ქვეყანაში. ოფიციალური ინფორმაციით, SSA Marine წლიურად 27.2 მილიონ კონტეინერს (TEU) ამუშავებს. SSA Marine-ის საქმიანობის სფეროს ასევე განეკუთვნება მშრალი ტვირთის დამუშავება და სამგზავრო-საკრუიზო გადაყვანები.

კომპანიის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული პროექტია, რომლის წარმატებით განხორციელებისთვის, მსოფლიო კლასის პორტოპერატორის მოზიდვა მნიშვნელოვანია.

პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოს მზარდ გეოპოლიტიკურ პოტენციალზე და სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ, რომლებსაც საქართველოს მთავრობა, მათ შორის, კერძო სექტორთან ერთად ახორციელებს.