2018 წლიდან ავტომობილების ტექდათვალიერება სავალდებულო იქნება.
ექსპერტებისა და ავტოდილერების ვარაუდით, ტექდათვალიერების გავლისას გარკვეული პრობლემები შეექმნებათ მარჯვენასაჭიან და საჭეგადატანილ ავტომობილებს. ”რადიო პალიტრას” გადაცემა ”საქმეში” კომპანია "ავტოკომ ჯაპანის" მენეჯერმა ლაშა მაჩიტიძემ და ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილმა ამ თემაზე საუბრისას რამდენიმე მიზეზი დაასახელეს, რის გამოც მარჯვენასაჭიან და საჭეგადატანილ ავტომობილებს ტექდათვალიერების გავლისას შესაძლოა გარკვეული პრობლემები შეექმნათ.
მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ტექდათვალიერების გავლის პროცესში მთავარ პრობლემად მაშუქები ფარები დასახელდა, რომელიც მარჯვენასაჭიანი ავტომობილის შემთხვევაში იმგვარადა არის დამონტაჟებული, რომ საპირისპიროდ მოძრავ მარცხენასაჭიანი ავტომობილის მძღოლს შესაძლოა ხედვის პრობლემა შეუქმნას.
”ამ შემთხვევაში, რადგან ასეთი ავტომობილები შექმნილია მოძრაობის მარჯვენა ზოლისთვის, შესაძლოა პრობლემა შეიქმნას სანათ სისტემასთან დაკავშირებით და ეს მარტივად მოგვარებადია, მაგრამ უფრო მეტ პრობლემას საჭეგადატანილ ავტომობილებში ვხედავ. ტექდათვალიერების პროცესში საჭეგადატანილი ავტომობილების შემთხვევაში გარკვეულ რისკებსა და პრობლემებს ვხედავ. შეიძლება მათ ტექდათვალიერება ვერ გაიარონ,” - განაცხადა ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა ”რადიო პალიტრას” გადაცემა ”საქმეში”.
ლაშა მაჩიტიძის თქმით, ტექდათვალიერების შემთხვევაში ერთადერთი პრობლემა რაც მარჯვენასაჭიან ავტომობილებს ექმნებათ, ეს არის სანათები.
”ეს არ არის დიდ ხარჯებთან დაკავშირებული და ძალიან მარტივად შეიძლება მისი მოგვარება. მარცხენასაჭიან ავტომობილებთან უფრო მეტი პრობლემა გვაქვს. არის ძალიან ძველი და გაუმართავი ავტომობილები, ყველა მათგანს კატალიზატორის პრობლემა ექნება, ეს კი საკმაოდ დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. იაპონური მანქანების შემთხვევაში ეს პრობლემა ყველას მოგვარებული აქვს და ეკოლოგიურად ძალიან სუფთაა. რაც შეეხება საჭეგადატანილ ავტომობილებს, რომლებშიც საჭე კუსტარულად არის გადატანილი, ისინი ტექდათვალიერებას ნამდვილად ვერ გაივლიან,” - განაცხადა კომპანია "ავტოკომ ჯაპანის" მენეჯერმა ლაშა მაჩიტიძემ ”რადიო პალიტრას” გადაცემაში ”საქმე”.