ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, საქართველომ „გაზპრომისგან“ გუშინ გამართულ შეხვედრაზე „საინტერესო წინადადება“ მიიღო.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს წუხელ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, აღნიშნულ წინადადებაზე საქართველოს მთავრობა დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს.
„რამდენიმე შეხვედრა გაიმართა „გაზპრომთან“, თუმცა აბსოლუტურად უშედეგოდ, რადგან ჩვენი პოზიციები ძალიან განსხვავებული იყო. ამ შეხვედრას რაც შეეხება, საინტერესო იყო - საინტერესო წინადადება იქნა გაჟღერებული „გაზპრომის“ მხრიდან. ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს წინადადება არის ბოლო შემოთავაზება. ვფიქრობ, საინტერესოა, დღეს მთავრობაზე ვიმსჯელებთ და შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამასთან დაკავშირებით.
ძირითადად საუბარი იყო ფინანსურ ანაზღაურებაზე გადასვლასთან დაკავშირებით, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წინა შეხვედრაზე იმდენად განსხვავებული იყო ჩვენი პოზიციები ერთმანეთისგან, რომ საერთოდ საუბარს აზრი არ ჰქონდა, თუმცა ბოლო შეხვედრაზე გაჟღერებული შემოთავაზება საინტერესოა და ამაზე ვიმსჯელებთ. საუბარია ფინანსურ ანაზღაურებაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ექსპერტების მოსაზრებას, რომ სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასური ქართულმა მხარემ ფინანსური ანაზღაურების სახით არ უნდა მიიღოს, კალაძის აზრით, „ამ ადამიანების განცხადებები არასერიოზულია“.
„არასერიოზულია ამ ადამიანების განცხადებები - აბსოლუტურად არაკვალიფიციური და არაპროფესიონალური. საერთოდ, ჩახედულიც არ არიან, რა და როგორ არის“, - აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.