საქართველოს მთავრობა „გაზპრომის“ მიერ შეთავაზებულ წინადადებას დღევანდელ სხდომაზე განიხილავს. მინისტრთა კაბინეტის სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში ამ წუთებში მიმდინარეობს.
„ბატონი კახა კალაძე დაბრუნდა მინსკიდან, სადაც გაიმართა „გაზპრომ ექსპორტთან“ მოლაპარაკებები. დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ იმ წინადადებებს, რომლის მიღწევაც შესაძლებელი გახდა ამ მოლაპარაკებების შედეგად. მთავრობის სხდომის შემდეგ ბატონი კახა გააკეთებს განმარტებებს იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელსაც მიიღებს მთავრობის სხდომა ამ საკითხთან მიმართებაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სხდომის დაწყებისას.
თავის მხრივ, როგორც ცნობილია, მინსკიდან დაბრუნების შემდეგ კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ "გაზპრომისგან" საინტერესო წინადადება მიიღო.
„რამდენიმე შეხვედრა გაიმართა „გაზპრომთან“, თუმცა აბსოლუტურად უშედეგოდ, რადგან ჩვენი პოზიციები ძალიან განსხვავებული იყო. ამ შეხვედრას რაც შეეხება, საინტერესო იყო - საინტერესო წინადადება იქნა გაჟღერებული „გაზპრომის“ მხრიდან. ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს წინადადება არის ბოლო შემოთავაზება. ვფიქრობ, საინტერესოა, დღეს მთავრობაზე ვიმსჯელებთ და შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კალაძემ.