ფილოლოგმა ქეთო ნინიძემ თბილისი რამდენიმე თვის წინ მიატოვა და საცხოვრებლად მარტვილში დასახლდა, სადაც მეგრულ ოდაში ღვინის წარმოებას მიჰყო ხელი.
ქეთო ნინიძე ”ბიზნესპრესნიუსს” ღვინის წარმოების, ცხოვრების შეცვლისა და მისი საქმიანობის მთავარი სათქმელის შესახებ ესაუბრა.
როგორც მეღვინე ქალი ამბობს, სოფლად ცხოვრება დიდი ხანია უნდოდა და ამის შესაძლებლობა 2015 წელს მიეცა. დღეს ქეთო ნინიძე ოჯახთან ერთად მარტვილში, მეუღლის დიდი ბებიის მიერ მე-20 საუკუნის 30-იან წლებში აშენებულ ოდაში ცხოვრობს.
”2015 წელს სამეგრელოსა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაცია დაარსდა და მისი ხელმძღვანელობა ჩემს მეუღლეს შესთავაზეს. ჩავთვალეთ, რომ ეს იყო „ნიშანი“, ჩვენი დიდი ხნის მისწრაფება რეალობად გვექცია. ორივე თბილისელები ვართ, თუმცა ჩემი მეუღლე წარმოშობით მარტვილიდანაა, აქაურობა ძალიან უყვარს. სულ ამბობდა, თბილისთან ახლოს აგარაკს არასდროს ვიყიდი, აქაურობა რომ არ დავკარგოო. ასეც მოხდა, აქაურობა არ დავკარგეთ. ზოგი გიჟად გვთვლის, ზოგი - გმირად. მე კი მგონია, რომ უბრალოდ, იმას ვაკეთებთ, რაც სასარგებლოცაა და სასიამოვნოც. გვაქვს საოცარი ეზო, სადაც ჩამოდის პატარა მდინარე და ჩვენი ეზოს ბოლოში ჩანჩქერით სრულდება. ბავშვები სუფთა ჰაერს სუნთქავენ, თამაშობენ მიწით, კენჭებით, ტოტებით და არა - აიპადით, რაც ვფიქრობ, მათი გონებრივი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დადიან ძალიან კარგ ბაღში, საღამოს ვმღერით, ვყვებით ზღაპრებს, ვჭრით და ვკერავთ”, - გვიყვება ქეთო ნინიძე.
განათლებით ფილოლოგი მეღვინეობაში წერამ მიიყვანა. როგორც მეღვინე ”ბიზნესპრესნიუსთან საუბრისას ამბობს, ”მარანის” ბლოგისთვის წერა დიდი გამოცდილება იყო იმ სფეროში, რომელთანაც მანამდე შეხება არ ჰქონდა. გამოცდილების დაგროვებისა და ცოდნის მიღების შემდეგ ქეთო ნინიძე დღეს უკვე თავისი ოდის პირველ სართულზე მარანის მოწყობას ასრულებს, ეზოში კი თხილის ადგილზე ვაზი გააშენა.
”ბლოგისთვის „მარანი“ წერისას დავუმეგობრდი ადამიანებს, რომელთა მაგალითმა ჩემზე დიდი გავლენა იქონია. ეს მაგალითი კი ამბობდა, რომ ღვინის წარმოება - ეს ფასეული საქმიანობა, ამასთანავე რენტაბელური ბიზნესიც შეიძლება გახდეს. დასაწყისიდანვე და დღემდე ჩემი პირველი მრჩეველი ჩემი მეუღლეა, რომელიც 2012 წლიდან თვითონაც აწარმოებს ღვინოს. მეც და მასაც დიდი დახმარება ქართველმა ნატურალისტმა მეღვინეებმა გაგვიწიეს. გამოცდილებების გაზიარება და საგანმანათლებლო ლიტერატურა თითოეულ ნაბიჯზე მეხმარებოდა, ნაკლები შეცდომა დამეშვა ამ საქმეში. აქამდე ღვინოს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თარგამეულში, მდინარე ტეხურის ხეობაში, ჩვენი მეგობრის მარანში ვაწარმოებდი. წელს უკვე, ამ საქმის გულშემატკივარი მეგობრების დახმარებით, ოდის პირველ სართულზე მარანს ვასრულებთ. ქვევრებს ზუსტად იქ დავრგავთ, სადაც 70-80 წლის წინ იყო დაფლული. ვენახიც ეზოში მაქვს, თუმცა ახალშენია. შარშან ბევრისთვის ძალიან გაუგებარი რამ ჩავიდინეთ - გავჩეხეთ თხილი და გავაშენეთ ვენახი. წელს გაზაფხულზე სათხილეს მეორე ნახევარსაც ვაზი დაიკავებს. ჯერჯერობით, სანამ ჩემს პირველ მოსავალს მივიღებ, ღვინოს ორგანული ვენახებიდან მოწეული ყურძნისგან ვაწარმოებ, რომელსაც ვყიდულობ”, - ამბობს მეღვინე.
საკუთარ წარმოებულ ღვინოს ”NAKED OJALESHI - ტერუარი VS ტერორი” უწოდა. ბოთლის ეტიკეტზე ორი შიშველი ქალია გამოსახული, რომელთაგან ერთი ვაზთან დგას, მეორე კი სავსე ჭიქაშია მოთავსებული. როგორც ქეთო ნინიძე ამბობს, როცა ღვინის ბოთლში ჩამოსხმა გადავწყვიტა, მაშინვე იცოდა, რომ სოციალურ თემას გვერდს ვერ აუვლიდა. ”NAKED OJALESHI - შიშველი ოჯალეში, ”ტერუარი VS ტერორი” კი სიტყვების თამაშია:
”Naked, ანუ შიშველი, შეუმოსავი იმიტომ, რომ ეს არის ოჯალეში, ჭაჭის გარეშე. ტერუარი იგივე ზვრები, ვენახები, რომელიც შემდეგ კომპონენტებს აერთიანებს - ნიადაგი, კლიმატი, გარემო და ტრადიცია. ტერუარი და ტერორი - ეს სიტყვათა თამაში წელს ზაფხულში ბავარიაში ყოფნისას ამეკვიატა, როცა რამდენიმე უახლოეს ქალაქში ზედიზედ რამდენიმე ტერაქტი მოხდა, ამ დროს კი ჩემი მასპინძლები იქაურ ტერუარებს-ვენახებს მათვალიერებინებდნენ. თუმცა ეს არამხოლოდ სიტყვათა თამაშია, არამედ ძალიან ფუნდამენტური დაპირისპირება - სიყვარული, სილაღე, შემოქმედება, ნაყოფიერება და ბუნება, მეორე მხარეს კი - ჩაგვრა, ბოროტება, შევიწროება. გადავწყვიტე, ეს გზავნილი მიმეტანა ღვინის მოყვარულებამდე. რაც შეეხება ღვინის ბოთლის ეტიკეტირებას ალბათ, ეს ისაა, რაც ყველაზე მეტად გვტკივა ქალებსა და კაცებს, ყველას, ვისაც გვგონია, რომ ქალი და კაცი არ არის ერთი, თუმცა - თანასწორია”, - ამბობს მეღვინე ქეთო ნინიძე.
მისივე თქმით, ”NAKED OJALESHI - ტერუარი VS ტერორი” თბილისის ნატურალური ღვინის ბარებსა და მაღაზიებში იყიდება. როგორც მეღვინე ამბობს, მას იმპორტიორებთანაც ჰქონდა საუბარი, რომლებიც დასავლეთ საქართველოს ვაზის ჯიშებისგან წარმოებული იშვიათი ღვინოებით არიან დაინტერესებულნი, თუმცა ქეთო ნინიძის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ღვინოს ძალიან მცირე რაოდენობით აწარმოებენ, მოთხოვნის შევსებას ჯერ ვერ შეძლებენ.
ქეთო ნინიძე ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ თავს წარმატებულად მაშინ ჩათვლის, როცა საკუთარი ვენახებიდან მოწეული იშვიათი ჯიშის ყურძნისგან წარმოებული ღვინოები ექნება და ამ გემოებს საქართველოსა და მსოფლიოს გააცნობს: "ამ ეტაპზე კი, ვიფქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვან ადამიანებთან გადავიკვეთე საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში. ასეთი ორგანიზაციები სასიცოცხლოდ აუცილებელია ნებისმიერი სფეროს განვითარებისთვის, სადაც ახალგაზრდებს აძლევენ განვითარების საშუალებას, წაახალისებენ, უზიარებენ გამოცდილებას." - ამბობს ქეთო ნინიძე
მისივე თქმით, ქართული ღვინის ერთ-ერთი მთავარი ღირსება, სხვა მრავალს შორის, ქართული ვაზის გენოფონდია.
”სამწუხაროდ, იმ 525 დაფიქსირებული ჯიშის მეათედიც კი არ იწარმოება. მსოფლიო კი „ნადირობს“ ახალ რეგიონებზე, ახალ ჯიშებზე, ახალ გემოებსა და შეგრძნებებზე. ვფიქრობ, ჩემი საქმიანობა - იშვიათი ჯიშების წარმოება სხვადასხვა მეთოდებით ამ მოთხოვნას პასუხობს. ჩემს ღვინოებს ექსპერიმენტულად მოვიაზრებ. 2015 წლის მოსავალი ახალი მცდელობა იყო იმით, რომ გამოვცადე ოჯალეში ჭაჭის გარეშე, თეთრად, 2016 წლის მოსავალი კი ორბელური ოჯალეშის როზე იქნება, 2017-ში ამ ყველაფერს ჩემი მშობლიური გურიიდან ჩხავერი დაემატება”, - ამბობს მეღვინე ქალი.
ქეთო ნინიძე მეღვინეობაში ქალისა და მამაკაცის ჩართულობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ გერმანიაშიც მეღვინეების აბსოლუტური უმრავლესობა მამაკაცია.
”როგორც ჩანს, ესეც კულტურული პარადიგმაა. თუმცა, მეორე მხრივ, საქართველოში ქრისტიანებს გვყავს განმანათლებელი - 13 წლის წმინდა ნინო ვაზის ჯვრით, ყოვლადწმინდა ქალწული, რომელთა სიმბოლიკა ვაზთან, ვენახთან ისე შეზრდილია, რომ წარმოუდგენელია, ვინმემ თქვას, ვენახი, მარანი და ქალი ერთმანეთთან ვერ მორიგდებიანო”, - გვეუბნება მეღვინე ქეთო ნინიძე.
თათია ახვლედიანი