„გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმება არის მაქსიმუმი, რაც ამ პირობებში შესაძლებელი იყო, რომ გაკეთებულიყო , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ პირველი იანვრიდან ხელშეკრულება აღარ არსებობდა და ურთიერთობებს არაფერი არეგულირებდა.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელშეკრულება განულდა პირველ იანვარს და ჩვენ ხელშეკრულება აღარ გვქონდა - ანუ არაფერი არ არსებობდა და ჩვენს ურთიერთობებს არაფერი არ არეგულირებდა. ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით. პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოება შევინარჩუნეთ სრულად. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი დარჩა, ჩვენი გაზის მოწოდება დარჩა აზერბაიჯანიდან. ამ ნაწილში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამ ნაწილში არანაირი ცვლილება არ არის“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე „გაზპრომისგან“ გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით „გაზპრომ ექსპორტის“ მოთხოვნას დათანხმდა. კერძოდ, საქართველო სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ „გაზპრომისგან“ ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ახალი ხელშეკრულება ორწლიანი იქნება, რომლის თანახმად, პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომი წლიდან ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდება.