რევაზ არველაძე - კახა კალაძე კარგი პოლიტიკოსი, დიპლომატია, კარგად გაერკვა ენერგეტიკის საკითხებში და არ მგონია, რაიმე შეცდომა დაეშვა

კახა კალაძე არის ძალიან კარგი პოლიტიკოსი, დიპლომატი, ძალიან კარგად გაერკვა ენერგეტიკის საკითხებში და არ მგონია, რომ რაიმე შეცდომა დაეშვა , - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რევაზ არველაძემ მთავრობის ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით „გაზპრომ ექსპორტის“ მოთხოვნას დათანხმდა.

კითხვაზე - ჰქონდა თუ არა სხვა გამოსავალი ქართულ მხარეს, რევაზ არველაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემა იმ შემთხვევაში შეეძლებოდა, „გაზპრომის“ წარმომადგენლებთან მინსკში გამართულ შეხვედრას თავადაც რომ დასწრებოდა.

„შარშან „გაზპრომის“ მხრიდან არასწორი შემოთავაზებები იყო. შარშან ისეთი შემოთავაზებები იყო, რომ საქართველო დაახლოებით, 3-ჯერ უფრო ნაკლებ ეკონომიკურ ეფექტს მიიღებდა, ვიდრე ნატურით რომ იღებს ბუნებრივ აირს. ახლა რა შეთავაზება იყო, მე არ ვიცი. მე ერთადერთი ვიცი ის, რომ როგორც ბატონმა კახა კალაძემ განაცხადა, ეს არის უკეთესი შეთავაზება და უნდა განგვეხილა. დღეს ეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს. მიმაჩანია, რომ კახა კალაძე არის ძალიან კარგი პოლიტიკოსი, დიპლომატი, ძალიან კარგად გაერკვა ენერგეტიკის საკითხებში და არ მგონია, რომ რაიმე შეცდომა დაეშვა. ეს შემიძლია გითხრათ, რადგან არ ვარ გაცნობილი ამ საკითხებს, რა წინადადება იყო. რაც არსებობს, როცა ტრანზიტისთვის ვიღებთ მთლიანი მოცულობის 10%-ს გაზის სახით, ეს არის ძალიან კარგი ვარიანტი და ახლა მათგან რა წინადადება იყო, მთავრობამ რა განიხლა და რაზე დათანხმდა, ეს ნამდვილად არ ვიცი, თუმცა რადგან განიხილა მთავრობამ და წარმოადგინა კახა კალაძემ, რომ ეს არის ბევრად უკეთესი შემოთავაზება, ვიდრე იყო შარშანდელი, დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესი იქნება“, - განაცხადა რევაზ არველაძემ.

სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე „გაზპრომისგან“ გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით „გაზპრომ ექსპორტის“ მოთხოვნას დათანხმდა. კერძოდ, საქართველო სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ „გაზპრომისგან“ ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ახალი ხელშეკრულება ორწლიანი იქნება, რომლის თანახმად, პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომი წლიდან ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდება.