2016 წლის ბოლოს, საქართველოში მსხვილფეხა საქონელზე ნოდულარული დერმატიტის ვირუსი დაფიქსირდა, რასაც პირუტყვის მასობრივი ვაქცინაცია მოჰყვა, - ამის შესახებ გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციიდან იუწყებიან. ორგანიზაციის ცნობით, თებერვალში გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტთა მისია საქართველოში სემინარს ჩაატარებს. FAO-ს გუნდი საქართველოში დაავადების გავრცელებას შეაფასებს და ვეტერინარული სამსახურებისთვის ტრენინგებს გამართავს. ტრენინგები რისკების მენეჯმენტს, ცხოველთა ვაქცინაციასა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მეთოდებს მოიცავს.
„მსგავსი სემინარი დროულია, რადგან გაზაფხულზე, კოღოების, ბუზებისა და დაავადების გადამტანი სხვა მწერების გააქტიურება ნოდულარული დერმატიტის გავრცელების საფრთხეს წარმოშობს“, - განაცხადა საქართველოს მთავარმა ვეტერინარმა მიხეილ სოხაძემ.
მოწოდებული ინფორმაციის თანახმას, მსხვილფეხა პირუტყვის ახალი, საშიში ვირუსი პირველად 2013 წელს თურქეთში დაფიქსირდა, შემდეგ კი მალევე გავრცელდა რუსეთსა და საბერძნეთში. ამჟამად დაავადების გავრცელების საფრთხის წინაშე მთელი ევროპა დგას. საფრთხის აღკვეთის მიზნით, FAO რეგიონში მსხვილ პროექტებს განახორციელებს.
ნოდულარული დერმატიტი მსხვილფეხა პირუტყვის ვირუსული დაავადებაა, რომელიც ცხელებით და კანქვეშა კვანძების წარმოქმნით ხასიათდება. საქონელს უზიანდება თვალი, სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვანი გარსი. დაავადების გავრცელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მწერები (ვექტორები), რომელთაც დაავადება მექანიკურად გადააქვთ.
ნოდულარული დერმატიტით მხოლოდ მსხვილფეხა პირუტყვი ავადდება. ადამიანზე ნოდულარული დერმატიტი არ ვრცელდება, თუმცა დაავადება მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზიანს აყენებს მესაქონლეობას. გართულებულმა შემთხვევებმა, შესაძლოა, ცხოველის დაღუპვაც კი გამოიწვიოს.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მას შემდეგ, რაც სიტუაციის ანალიზი გაკეთდება, FAO ევრაზიის კონტინენტისთვის დაავადების კონტროლის სახელმძღვანელოს გამოსცემს, რომელსაც უნგრეთის მთავრობა დააფინანსებს. ჯერჯერობით ევროპაში ვეტერინარების მხოლოდ მცირე რაოდენობას ჰქონდა შეხება ნოდულარულ დერმატიტთან, ამიტომ დეტალური ინსტრუქციაა საჭირო იმისათვის, რომ დაავადების კონტროლი და აღკვეთა საჭირო პროცედურების დაცვით განხორციელდეს.