საქართველოს მთავრობამ დღეს კიბერუსაფრთხოების და კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიები დაამტკიცა. როგორც სახელმწიფო უსაფრთოებისა და კრიზისების მართვის საბჭოდან იუწყებიან, სტრატეგიების შემუშავებას კოორდინირებას უწევდა კრიზისების მართვის საბჭო და მასში ჩართული იყო ყველა შესაბამისი უწყება და ორგანიზაცია, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ უკავშირდება როგორც კიბერუსაფრთხოების, ასევე, კატასტროფის რისკის შემცირების თემატიკას.
საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგია ეფუძნება „საქართველოს საფრთხეების შეფასების 2015-2018 წლების დოკუმენტს’’ და „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას“, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოს კიბერუსაფრთხოების სისტემის თავსებადობის ამაღლებას ევროკავშირისა და NATO-ს მოთხოვნებთან.
კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია შედგება აღწერილობითი ნაწილისა და სამოქმედო გეგმისგან და მისი მიზანია დაიგეგმოს და განხორციელდეს ღონისძიებები „საქართველოს საფრთხეების შეფასების 2015-2018 წწ დოკუმენტში“ იდენტიფიცირებული - საქართველოს წინაშე მდგარი ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული საფრთხეების რისკის შესამცირებლად. როგორც კრიზისების მართვის საბჭოში აცხადებენ, დოკუმენტი შესაბამისობაშია გაერო-ს „კატასტროფის რისკის შემცირების სენდაის სამოქმედო ჩარჩო-პროგრამა 2015-2030“-ის პრიორიტეტულ მიმართულებებთან და ის სრულ თანხვედრაშია „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ ბუნებრივი კატასტროფების მართვის მიმართულებით აღებული ვალდებულებების შესრულებასთან.