რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ახალი პირობებით დადებული ხელშეკრულების თანახმად, სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ ქართული მხარე ფულად ანაზღაურებაზე გადავა.
მაშინ, როცა ძველი ხელშეკრულების თანახმად, რუსეთიდან სომხეთში გატარებული გაზის 10%-ს საქართველო ბუნებრივი აირის სახით იღებდა.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსის ანდრია გვიდიანის თქმით, მართალია ახალი ხელშეკრულებით აღარ ვართ ისეთ მომგებიან პოზიციაში, როგორშიც ვიყავით, მაგრამ ახალი პირობებიც არ იქნება მნიშვნელოვნად დამაზიანებელი.
„ამასთან უფრო მომგებიანია ამა თუ იმ პირობებით სახელშეკრულებო ურთიერთობაში დარჩენა, ვიდრე სამართლებრივი დავა წამოგვეწყო. მონეტიზაციაზე გადასვლა გარდაუვალი იყო და ადრე თუ გვიან საერთაშორისო სტანდარტებით არსებული ახალი პირობების მიღება მოგვიწევდა, რადგან ტრანზიტულ ქვეყნებს ნატურით ანაზღაურების წესი პრაქტიკულად აღარ აქვთ“, - აღნიშნა ანდრია გვიდიანმა.
მისივე თქმით, საქართველო რამდენიმე შეთანხმების ხელმომწერი ქვეყანაცაა (იგივე მაგალითად, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია), რომელიც გარკვეულ ვალდებულებას გვაკისრებს. ესენია: ტრანზიტის შეუფერხებლად განხორციელების ვალდებულება, ტრანზიტის ერთი ქვეყნიდან მეორეში არადისკრიმინაციული მიდგომით განხორციელება, ამასთან საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება.
„თუ „გაზპრომთან“ ახალი პირობებით ხელშეკრულებას ხელს არ მოვაწერდით, დაიწყებოდა სამართლებრივი დავა და საკითხავია რამდენად მომგებიანი იქნებოდა ეს საქართველოსთვის, როგორც სატრანზიტო ქვეყნის იმიჯის, ისე სხვა ფაქტორების თვალსაზრისით. ისეთ ქვეყანასთან და კომპანიასთან სამართლებრივი დავა როგორიცა რუსეთი და „გაზპრომი“, ბევრად დამაზიანებელი აღმოჩნდებოდა, ვიდრე ნებისმიერი სხვა ხელშეკრულება,“ -აღნიშნა გვიდიანმა.
„გაზპრომთან“ დადებულ ხელშეკრულებას ვადა გასული წლის 31 დეკემბერს გაუვიდა. ახალი ხელშეკრულება კი ორწლიანია, თუმცა, პირველ წელს ნედლეულით ანაზღაურების ფორმა ნაწილობრივ ისევ რჩება, ხოლო შემდგომ ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდება.
რაც შეეხება საქართველოსთვის გადასახდელ ტრანზიტის საფასურს, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის თქმით, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპის ქვეყნებს შორის. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, სეზონური დეფიციტის დასაკმაყოფილებლად, ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის შემცირებულ ფასად - 215 დოლარის ნაცვლად 185 დოლარად მიღებაც იქნება შესაძლებელი.
„გაზპრომმა“ გასულ წელსაც შესთავაზა ქართულ მხარეს ნედლეულის გარდა, ფულად ანაზღაურებაზე გადასვლა, თუმცა, შარშანდელი მოლაპარაკებების დროს ქართულმა მხარემ ტრანზიტის საფასურის ნედლეულით ანაზღაურების პრაქტიკის შენარჩუნება შეძლო, რაც ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ გამარჯვებად ჩაითვალა.