ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფოს აუქციონი დასრულდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. „ბოლო პერიოდში რესპუბლიკური კლინიკური ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფოს პრივატიზების ირგვლივ გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის (ს/კ 248384234) პრივატიზების მიზნით, პირობებიანი ელექტრონული აუქციონი დასრულდა: ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფოს 100-პროცენტიანი წილი 2 მლნ 5 ათას ლარად გაიყიდა. სულ ვაჭრობისას გაკეთდა 762 ბიჯი. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აღნიშნული ქონება ელექტრონულ პირობებიან აუქციონზე 100 000 ლარად ჰქონდა გამოტანილი. შეგახსენებთ, საავადმყოფოს გასხვისების ერთ-ერთი მთავარი პირობა არის ის, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 8 თვის ვადაში უნდა დაიწყოს შენობისათვის საჭირო სარემონტო/სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც უნდა დასრულდეს არა უგვიანეს 36 თვის ვადაში. პირობებიანი აუქციონის მთავარი მოთხოვნაა, რომ შემსყიდველმა კომპანიამ 50 წლის განმავლობაში უწყვეტად შეინარჩუნოს არსებული სამედიცინო (ფსიქიატრიული) პროფილი. გარდა ამისა, აღნიშნულ პროექტში ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის განმავლობაში უნდა განახორციელოს არანაკლებ 1 000 000 ლარის ინვესტიცია. აუქციონის პირობების თანახმად გამარჯვებულმა პირმა ნასყიდობის საფასური ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს“, - ნათქვამია პრესრელიზში.