ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც 2018 წლიდან სავალდებულო გახდება, სახელმწიფო საავტომობილო სპორტის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე დაუფიქრებლად და ნაჩქარევად მიღებულს უწოდებს.
როგორც მან “ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ ამ გადაწყვეტილების დახვეწა არ მოხდება, მარჯვენასაჭიან ავტომობილებს ტექდათვალიერების გავლის პრობლემა შეექმნებათ.
ამის ერთ-ერთ მიზეზად მელაძე სანათ მაშუქებს („ფარებს“) ასახელეს, რომელიც მარჯვენასაჭიან ავტომობილს ისე აქვს მოწყობილი (მარცხენა მხარე უფრო გრძელია, მარცხენასაჭიანის შემთხვევაში კი მარჯვენა მხარე უფრო გრძელია), რომ შემხვედრი ავტომობილის მძღოლს ხედვის პრობლემას უქმნის.
მელაძე უფრო მნიშვნელოვან პრობლემას ხედავს საჭეგადატანილი ავტომობილების შემთხვევაში, რომელიც საკმაოდ გაურკვეველია, რადგან არსად არაა გაწერილი თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სწორად გადატანილი საჭე.
„რაც შეეხება მარჯვენასაჭიან ავტომობილებს, ბევრი მათგანი უკეთ ჩააბარებს, ვიდრე მაგალითად ამერიკიდან შემოყვანილი. მაგალითად, იგივე კატალიზატორები იაპონურ მანქანებს თითქმის ყველას აქვს თუ ვიღაცამ მერე არ მოჭრა, ამერიკიდან ჩამოყვანილ ავტომობილებს კი ან არა აქვს ან ისეთ მდგომარეობაშია, რომ ჩამოყვანისთანავე ჭრიან.
„სანათი მაშუქების შემთხვევა უფრო ნაკლებ პრობლემატურია, რადგან შეიძლება ფარები გამოვცვლოთ. ეს მხოლოდ დამატებით ხარჯს გამოიწვევს. უფრო მეტად გაურკვეველია საჭის გადატანის საკითხი, რადგან ჩანაწერები რაც კი მოვიძიე, არსად არაა გაწერილი დეტალები. წარმოდგენაც არ მაქვს, რას შეიძლება დაეყრდნოს ტექდამთვალიერებელი იმის შეფასებისას, სწორად არის თუ არა საჭე გადატანილი“, - აღნიშნა მელაძემ.
მისივე თქმით, ამ საკითხის დაზუსტებისა და დახვეწის გარეშე ტექდათვალიერების შესახებ კანონის ამოქმედება დიდ აურზაურს გამოიწვევს. ავტომობილები ტექდათვალიერებას ან ვერ გაივლიან ან ტექდამთვალიერებლები ვალდებულნი იქნებიან ყველა გაატარონ.
„მოხდება ორიდან ერთი - ტექნიკურ დათვალიერებაზე მისულ ავტომობილს ან ეტყვიან, რომ საჭე გადატანილია და ვერ გაგატარებთ, ან თვითონ მძღოლები იქნებიან გაურკვევლობაში და ტექდამთვალიერებელს მოუწევს აჩვენოს დოკუმენტი, სადაც გაწერილია თუ როგორ უნდა იყოს საჭე სწორად გადატანილი. ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში კი, ის აუცილებლად უნდა გამოქვეყნდეს, რათა მძღოლებმა გადაამოწმონ, აკმაყოფილებს თუ არა მათი ავტომობილი მოთხოვნებს“, -ამბობს მელაძე.