ამერიკულ ინტერნეტ-კომპანია Yahoo-ს ამიერიდან Altaba დაერქმევა. კომპანიისთვის სახელის შეცვლა მას შემდეგ გადაწყდა, რაც საკუთარი ბიზნესის ძირითადი ნაწილი Yahoo-მ კომპანია Verizon-ს მიჰყიდა.
ახალი კომპანია განაგებს აქტივებს, რომელიც მას ინტერნეტ-ბიზნესის გაყიდვის შემდეგ დარჩება, მათ შორისაა წილები Alibaba Group-სა და Yahoo Japan-ში. ამავდროულად, გარიგების დასრულების შემდეგ კომპანიაში ხელმძღვანელობა შეიცვლება. კომპანიიდან წავა რამდენიმე ტოპ-მენეჯერი, მათ შორის აღმასრულებელი დირექტორი მარისა მეიერი. Washington Post-ის ინფორმაციით, მის ადგილს ერიკ ბრანდტი დაიკავებს, რომელიც მანამდე კომპანიის დირექტორთა საბჭოში მუშაობდა.
ოფიციალური განმარტება, თუ რატომ შეირჩა ახალი დასახელებისთვის სიტყვა Altaba, არ გამოქვეყნებულა. მაგრამ Wall Street Journal-ი ირწმუნება, რომ ის სიტყვა ”ალტერნატივასა” და Alibaba-ს შერწყმის შედეგად გაჩნდა.
მოსალოდნელია, რომ Verizon-ის მიერ Yahoo!-ს მთელი ინტერნეტ-ბიზნესის შეძენის პროცესი ოფიციალურად მარტში გაფორმდება.