ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს ფისკალური პოლიტიკისა და მართვის სისტემის და მისი ევროკავშირის პრაქტიკასთან თავსებადობის შესახებ საჯარო შეხვედრები გაიმართება. ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფისკალური წესების და ფისკალური მართვის პრინციპების დაცვა საჯარო ფინანსების მართვის საუკეთესო პრაქტიკის ნაწილია, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში ათწლეულების მანძილზე ინერგება და იხვეწება. საქართველოშიც ბოლო ათწლეულის მანძილზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საერთაშორისო პრაქტიკის დასანერგად.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადდა დოკუმენტი, რომელიც აღწერს საქართველოს ფისკალურ პოლიტიკასა და მართვას და მის თავსებადობას ევროკავშირის პრაქტიკასთან.
დოკუმენტი იხილეთ შემდეგ ბმულზე:(http://mof.ge/images/File/biujeti/Fiscal_Governance-GEO.pdf)
2017 წლის 16 იანვრიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების მხარდაჭერით იწყებს შეხვედრებს ქ. თბილისსა და რეგიონებში.
2016 წლის იანვრის ბოლოს თბილისში გაიმართება შემაჯამებელი შეხვედრა, რომელზეც განხილული იქნება საქართველოს ფისკალური პოლიტიკის და მართვის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები და რეგიონებში ჩატარებული შეხვედრების შედეგები.
შეხვედრა ღიაა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვისა და ამ სფეროთი დაინტერესებული სამოქალაქო სექტორისთვის. შეხვედრები გაიმართება შემდეგი გრაფიკის შესაბამისად:
თბილისი, 16 იანვარი, 13:00 საათი, ფინანსთა სამინისტრო; ბათუმი, 17 იანვარი, 14:00 საათი, სასტუმრო ”რედისონი”; ქუთაისი, 18 იანვარი, 13:00 საათი, საკრებულოს დარბაზი; ბორჯომი, 21 იანვარი, 13:00 საათზე, სასტუმრო Crown Plaza;
რუსთავი, 24 იანვარი, 13:00 საათი, მერიის დარბაზი.