ზურაბ გვასალია სესხების გალარების საკითხზე მოსახლეობას მიმართავს

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია მიიჩნევს, რომ სესხების გალარება მნიშვნელოვანია როგორც მოსახლეობისთვის, ისე საბანკო სექტორისთვის და ქვეყნისთვისაც. როგორც გვასალიამ  საკითხის კომენტირებისას განაცხადა, გალარება კურსზე რაღაც კუთხით ზეწოლასაც მოხსნის.

”გალარების შედეგებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ეს დაახლოებით 33 ათას ადამიანს ეხება, თუმცა რა რაოდენობის ადამიანი გააკეთებს ამას, ამის პროგნოზირება რთულია. რაც შეეხება მოსახლეობას, მინდა მივმართო, საბანკო სეტორიდან შეტყობინებები ბუნებრივია, იქნება, თუმცა თუ ისინი ჩათვლიან, რომ ამ პროგრამის მონაწილეები არიან, მაგრამ შეტყობინება არ მიიღეს, შეუძლიათ თავად მიაკითხონ ბანკებს და იქ მიიღებენ ყველა ახსნა-განმარტებას. მე რომ მათ ადგილას ვიყო, ბუნებრივია, გავაკეთებდი გალარებას, რადგან სავალუტო რისკი ძალიან ძნელი და დიდია, ჩვენი ტიპის ქვეყანაში და შეიძლება ეს ლარიზაციის პროგრამის დიდი ნაწილი არ იყოს, მაგრამ რაღაც ნაწილი არის. ის, რომ სავალუტო რისკი იყოს მოხსნილი მოსახლეობისთვისაც მნიშვნელოვანია, საბანკო სექტორისთვისაც და ქვეყნისთვისაც, რადგან ეს რაღაც ნაწილში კურსზე მოხსნის ზეწოლას. მე მაქვს მოლოდინი, რომ შედეგი მოსახლეობისთვის უნდა იყოს კარგი”, - განაცხადა გვასალიამ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო დაადოს, გვასალიამ აღნიშნა, რომ ასე არ არის და პრეზიდენტისა და ექსპერტების შეხვედრაზე ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა.

”იქ არის საკითხები, რომლებიც შეიძლება შესწორდეს, თუმცა ეს შეიძლება ეროვნული ბანკის მიერ გასწორდეს, ამას არ სჭირდება საკანონმდებლო ინიციატივები, ეს შეიძლება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებებითაც გასწორდეს. ვეტოზე საუბარი არ არის”, - აღნიშნა გვასალიამ.