ვითარება, რაც რუსეთიდან გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით შეიქმნა, რუსეთს უფრო აწყობს, ვიდრე საქართველოს, მაგრამ ამოცანა იყო ის, საქართველო რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით გამოსულიყო , - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკი ირწმუნება, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი ბერკეტი იმისა, შეინარჩუნოს ტრანზიტული გაზის მოცულობის 10% და არ მოახდინოს მისი მონეტარიზაცია, არ გააჩნია.
”ქართული ოცნების” წარმომადგენლის აზრით, ”გაზპრომის” მხრიდან დაყენებულ მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევაში, საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას, შედეგად ჩრდილი მიადგება. მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში, გართულდება ურთიერთობა სომხეთთან, ხოლო თავად რუსეთი სომხეთის გაზით უზრუნველყოფის საკითხს, საქართველოს გარეშეც მოაგვარებს.
”საერთოდ უნდა ითქვას, რომ მსოფლიოში იმის პრეცედენტი, რომ გატარებული გაზის საფასურის ანაზღაურება ნატურით ხდებოდეს, ერთადერთია, როცა აზერბაიჯანი ნახიჩევანს გაზს ირანის გავლით აწვდის. ის ირანს სატრანზიტო გატარებისთვის გაზის 15%-ს უტოვებს. ეს ერთადერთი შემთხვევაა. დანარჩენი, გაზის სატრანზიტო გატარებისთვის ყველგან თანხის გადახდა ხდება. რუსეთთან ურთიერთობის თემიდან გამომდინარე, რასაკვირველია, რუსეთი ამას ყოველთვის ითხოვდა. წინ გარკვეული თემებია წამოწეული, რომელიც მნიშვნელოვანწილად პოლიტიკურს არ უკავშირდება, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთს აქვს რესურსი და შესაძლებლობა იმისა, რომ პირველ ეტაპზე, ნაწილობრივ მოაგვაროს საკითხი და სომხეთს გაზის გარკვეული რაოდენობა ირანის მეშვეობით მიაწოდოს და უახლოეს პერიოდში მთლიანად მოახდინოს საქართველოს ამ ნაწილის სატრანზიტო ფუნქციის გაქრობა. მოკლედ, რუსეთი სომხეთს მიხედავს, ხოლო ჩვენ შედეგად მივიღებთ იმას, რომ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას და ავტორიტეტს ჩრდილი მიადგება. გარდა ამისა, მივიღებთ გართულებულ ურთიერთობას სომხეთთან, რომელსაც გაზის გარეშე დავტოვებთ. ”გაზპრომთან” მოლაპარაკების მაგიდაზე ეს პირობა იდო და რასაკვირველია, ნატურალური გადახდის ნაცვლად, სჯობს მივიღოთ ფულადი გადასახადი - საკმაოდ კარგ ფასში. ამით გატარებული ბუნებრივი აირის მოცულობის 10% ვერ იფარება. ამ შემთხვევაში ბერკეტი, რეალურად მოახდინო გავლენა, გაქვს - შეგიძლია უარი უთხრა, მაგრამ ამით მიიღებ უფრო მეტ ზარალს, ვიდრე სარგებელს. ეს არის ფაქტი”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” გია ვოლსკიმ.
ვოლსკი იმასაც ამბობს, რომ ახალი პირობების გათვალისწინებით, დეფიციტი იქმნება, ვინაიდან ბუნებრივი აირის 10%, რაც საქართველოს რჩებოდა, უფრო მეტია, ვიდრე მიღებული თანხით შეგიძლია იყიდო.
”მაგრამ ფული გაქვს ხელში და შეგიძლია დეფიციტის შევსება. გაზი კარგ ფასად უნდა იყოდო. ყიდვა და დეფიციტის შევსება ”გაზპრომიდანაც” რომ მოგიწიოს, რასაკვირველია, ამაზე უნდა წახვიდე და ეს ნაბიჯი გადადგა. იქეთ არის ”სოკარი”, რომელსაც საქართველოს მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შეუძლია. ეს ყველაფერი შემდგომი მოლაპარაკებების თემაა”, - ამბობს გია ვოლსკი.
სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე ”გაზპრომისგან“ გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით ”გაზპრომ ექსპორტის“ მოთხოვნას დასთანხმდა. კერძოდ, საქართველო სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ ”გაზპრომისგან“ ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ახალი ხელშეკრულება ორწლიანი იქნება, რომლის თანახმად, პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომი წლიდან ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდება.