საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, კამპანია ,,მოითხოვე ქართული” დაიწყო.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ბიზნესასოციაციებთან, ფერმერებთან და ჟურნალისტებთან ერთად ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით კამპანია ,,მოითხოვე ქართული” დაიწყო.
კამპანია დღეს შიდა ქართლიდან და მცხეთა-მთიანეთიდან დაიწყო და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.
გიორგი მარგველაშვილი თავდაპირველად საგურამოში ქართულ საწარმოს ,,კამპას” ეწვია. მან ქართული პროდუქცია დააგემოვნა, პროდუქციის წარმოების პროცესს გაეცნო და კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.
,,ძალიან საინტერესო ინიციატივა იყო წარმოდგენილი მთავრობის პროგრამებისა და პროექტების თაობაზე, როგორც ერთი ბრენდის ქვეშ გაერთიანების, ისე იმ ახალი ინიციატივების შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს ეროვნული პროდუქციისა და ეროვნული წარმოების განვითარებასთან დაკავშირებით. მინდა ერთმნიშვნელოვნად გითხრათ, რომ მონაწილე და მხარდამჭერი ვარ ამ პროცესების. მეტიც, სწორედ ახლა მივდივარ რეგიონში იმისთვის, რომ უფრო აქცენტირებული გავხადო ჩვენი ქართველი მომხმარებლისთვის სწორედ ქართული პროდუქცია. აქტიურად დავუჭირო მხარი იმას, რომ ჩვენ მოვითხოვოთ ქართული პროდუქცია, როდესაც შევდივართ საყიდლად და იმისთვის, რომ ერთად დავეხმაროთ და გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა და ბიზნესი”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
თავის მხრივ, ,,კამპას” გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ბუაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი კომპონენტია მომხმარებლის ცნობიერების ამაღლება.
,,მნიშვნელოვანია ქართველმა მომხმრებელმა გააცნობიეროს ის, თუ რა მოჰყვება ქართული პროდუქციის შეძენას. ის, რომ ადგილობრივი საწარმოები ასაქმებენ ხალხს, იხდიან გადასახადებს, რაც საბოლოო ჯამში, ისევ მომხმარებლისა და ქვეყნის კეთილდღეობაზე აისახება, ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას”, - განაცხადა ბუაძემ.
დღესვე საქართველოს პრეზიდენტი კიდევ 3 საწარმოს ესტუმრება.