2016 წელს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ვარდნა გაგრძელდა

2016 წელსაც, ზედიზედ მეხუთე წლის მანძილზე, ძირითადი სასურსათო პროდუქტების ფასების ვარდნა გაგრძელდა. მთელი წლის მაჩვენებელმა 161.6 პუნქტი შეადგინა, რაც 2015 წლის დონეზე 1.5%-ით ნაკლებია, - ამის შესახებ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) იუწყება.

როგორც FAO-ში აცხადებენ, მარცვლეულის არნახულმა მოსავალმა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სასურსათო ფასების ინდექსის ზრდის ტენდენციის კომპენსირება მოახდინა. ინდექსის მატების ტენდენცია კი შაქართან და პალმის ზეთთან იყო დაკავშირებული. მათივე ინფორმაციით, დეკემბერში ინდექსმა თითქმის 172 პუნქტი შეადგინა. ეს მაჩვენებელი ნოემბრის შემდეგ უცვლელი დარჩა.

FAO-ს ცნობით, 2016 წელს მარცვლეულის ფასების სტაბილური კლება აღინიშნა, რომელიც 2015 წლიდან 9.6%, ხოლო 2011 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებლიდან -39%-ით დაეცა. ამავე დროს, შაქრისა და მცენარეული ზეთის ფასებმა წლის მანძილზე შესაბამისად 34.2 და 11.4%-ით მოიმატა.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის განცხადებით, მარცვლეულის ფასები დეკემბერში მყარი იყო, ხოლო რძის პროდუქტებისა და მცენარეული ზეთების ფასებმა მოიმატა.

FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსმა, რომელიც სექტემბრის შემდეგ მნიშვნელოვანწილად სტაბილური იყო, დეკემბრის თვეში 0.5%-ით მოიმატა. FAO-ს ინფორმაციით, ბრინჯისა და სიმინდის ფასებმა აიწია, ხოლო ავსტრალიაში, კანადასა და რუსეთის ფედერაციაში მოსალოდნელზე უფრო დიდი მოსავლის პერსპექტივებმა ხორბლის ფასების შემცირება გამოიწვია.

FAO-ს მცენარეული ზეთის ფასების ინდექსი ნოემბერში 4.2%-ით გაიზარდა, რითაც მისი წლიური მატების დონემ ორნიშნა ციფრს მიაღწია, ეს კი 2014 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. როგორც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციიდან იუწყებიან გაიზარდა როგორც პალმის ზეთის, ასევე სოიოს ზეთის ფასები - პალმის ზეთის შემთხვევაში, ფასების ზრდა მსოფლიო მარაგების დაბალმა დონემ და შეზღუდულმა მიწოდებამ გამოიწვია, რაც შეეხება სოიოს ზეთს, ამას ბიძგი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ბიოდიზელის სექტორში მისი გამოყენების ზრდის პერსპექტივამ მისცა.

FAO-ს რძის ფასების ინდექსმა ნოემბრიდან 3.3 %-ით აიწია, რისი ძირითადი მიზეზიც იყო კარაქზე, ყველზე და მოუხდელი რძის ფხვნილზე უფრო მაღალი ფასები და ევროკავშირსა და ოკეანიაში შეზღუდული გამოშვება.

FAO-ს შაქრის ფასების ინდექსი, რომელიც წლის განმავლობაში თითქმის მესამედით იყო გაზრდილი, 2016 წლის ბოლო თვეში 8.6%-ით დაეცა. მათივე ინფორმაციით, მკვეთრი შემცირება ძირითადად დოლართან მიმართებაში ბრაზილიური რეალის შესუსტებამ გამოიწვია.

FAO-ს ხორცის ფასების ინდექსმა 1.1 პროცენტით დაიწია. 2016 წელს მისი საშუალო სიდიდე 2015 წლის დონეზე 7 პროცენტით დაბალი იყო, რაც FAO-ს ცნობით, ძირითადად ხარისა და ფრინველის ხორცზე საერთაშორისო ფასების ვარდნამ განაპირობა.

"ეკონომიკური არასტაბილურობა, მათ შორის გაცვლითი კურსების ცვალებადობა, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს სურსათის ბაზრებზე კიდევ უფრო სერიოზულ გავლენას მოახდენს ", - განაცხადა FAO-ს უფროსმა, ეკონომისტმა აბდოლრეზა აბასიანმა.

FAO-ს სასურსათო ფასების ინდექსი ვაჭრობაზე შეწონილი ინდექსია, რომელიც ხუთი მთავარი პროდუქტის ჯგუფზე საერთაშორისო საბაზრო ფასებს ასახავს. ესენია: ძირითადი მარცვლეული, მცენარეული ზეთები, რძის პროდუქტები, ხორცი და შაქარი.