იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ დღეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამია ფხაკაძესთან ერთად, რუსთავის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო დარბაზი გახსნა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა სხდომის დარბაზში გათვალისწინებულია პრესისათვის სპეციალური ადგილი, დარბაზი აღჭურვილია თანამედროვე გახმოვანების სისტემით, მოწყობილია ეგრეთ წოდებული ნაფიც მსაჯულთა პანელი, რომელიც დარბაზისგან შუშითაა გამიჯნული. სასამართლო პროცესის მიმდინარეობის პერიოდში, ნაფიცი მსაჯულები უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით და სასტუმროს მომსახურებით. რუსთავის საქალაქო სასამართლო მეექვსეა, სადაც ნაფიც მსაჯულთა ასეთი დარბაზი გაიხსნა.
"საზოგადოებას მოეხსენება, რომ 2016 წელს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, განხორციელდა ნაფიც მსაჯულთა ტერიტორიული განსჯადობა და რუსთავის საქალაქო სასამართლო არის ერთ-ერთი სამასამართლო იმ 7 სასამართლოდან, სადაც 1-ელი იანვრიდან შესაძლებელია ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით სისხლის სამართლის საქმის განხილვა, რასაკვირველია, გარკვეული კატეგორიის დანაშაულებზე. 1-ელი იანვრისთვის საერთო სასამართლოების სისტემა მატერიალურ-ტექნიკური დაპარტამენტის მეშვეობით, თვითონ რუსთავის სასამართლოს კოლექტივი და სასამართლოს თავმჯდომარე მამია ფხაკაძე საგულდაგულოდ ემზადებოდნენ. მოგეხსენებათ, ჩვენს დარბაზებს არა აქვს არც ისეთი სივრცე და არც ისეთი მოწყობა, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსათვის ყოფილიყო ადაპტირებული, ამიტომ ჩვენ დაგვჭირდა გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება, დარბაზი გაფართოვდა და ის 100 კვ მეტრს წარმოადგენს დღეს, მოეწყო ნაფიც მსაჯულთა განთავსებისთვის შესაბამისი ადგილი და რაც ყველაზე მთავარია, მოდელი იქნა აღებული ამერიკის ერთ-ერთი შტატის სასამართლოს მოდელიდან, რაც უფრო მეტ კომფორტს შექმნის ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით სისსხლის სამართლის საქმის განხილვისას. ეს რუსთავის სასამართლოს თავმჯდომარის ინიციატივა იყო, ჩვენმა დეპარტამენტმა ხელი შეუწყო ამ იდეას და სწორედ ამ მოდელით იქნა სასამართლო დარბაზი მოწყობილი", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
რუსთავის საქალაქო სასამართლოში დღესვე გაიმართება ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პირველი სხდომა.
როგორც იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ განაცხადა, სხდომას დაესწრება ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი, რომელიც შერჩევისას გარკვეულ რეკომენდაციებს გაუწევს რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
"დღეს იქნება ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პირველი სხდომა, აქ იმყოფება ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი მაიკლ გრანტი, რომელიც მზად არის მოსამართლეს მისცეს რეკომენდაციები და რჩევები იმ საკანონმდებლო პროცედურებთან დაკავშირებით რომელსაც პირველად გამოიყენებს რუსთავის საქალაქო სასამართლო. ჩვენ ამერიკის მხარდაჭერას ვგრძნობთ ამ მიმართებით, ბატონი მაიკლი იუსტიციის საბჭოს სხდომას დაესწრო, სადაც მან ძალიან კარგი წინადადებები შემოგვთავაზა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებით, ასევე ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით და მათ შესაბამის დაცულობასთან დაკავშირებით. ჩვენ მომავალშიც ვგეგმავთ თანამშრომლობას, ვიცით, რომ ამერიკის მხარე გეგმავს გარკვეულ დახმარებას დარბაზების აღჭურვასთან დაკავშირებით", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოები საქართველოს 7 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, თელავსა და გორში იქმნება. რუსთავის საქალაქო სასამართლო მეექვსეა, სადაც ნაფიც მსაჯულთა დარბაზი გაიხსნა.