თურქეთი მოქალაქეობას მიანიჭებს უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს, ვინც სულ მცირე 1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ქონებას შეიძენს თურქეთში და 2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
თურქული მედიის ცნობით, მოქალაქეობა ასევე მიენიჭებათ მათ, ვინც ბანკში სამ წელზე მეტი პერიოდით სულ მცირე 3 მილიონი აშშ დოლარის დეპოზიტს გახსნის.
აღნიშნულის შესახებ ბრძანებულება თურქეთის საკანონმდებლო გაზეთში 12 იანვარს გამოქვეყნდა.
ბრძანებულებაში ასევე ნათქვამია, რომ უცხოელებს, ვინც რეალურად შექმნიან მინიმუმ 100 სამუშაო ადგილს თურქეთში, მოქალაქეობა მიენიჭებათ.
მანამდე, რამდენიმე თვით ადრე თურქეთის უძრავი ქონების კომპანიებმა განაცხადეს, რომ უცხოელებისთვის 10 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის უძრავი ქონების მიყიდვა შეეძლოთ, თუ ამ ადამიანებს თურქეთის მოქალაქეობა ან ბინადრობის უფლება მიენიჭებოდათ.