თებერვლის შუა რიცხვებიდან სავაჭრო ქსელში უმაღლესი ხარისხის, ქართული წარმოების ზეთისხილის ზეთი და მარინადი გამოვა. ამის თაობაზე „ბიზნესპრესნიუსს“ ფირმა „ჯეოლაივის“ მთავარი კოორდინატორი ალექსანდრე ჩახნაშვილი ესაუბრა.
„ეს იქნება სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში მოწეული ზეთისხილი. სიღნაღში ზეთისხილის პლანტაციები 150 ჰექტარზე გვაქვს გაშენებული. ყველაფერი მზად არის, უბრალოდ, ზეთისხილს და ზეითუნის ზეთს საბოლოო სახის მისაღებად დრო სჭირდება. ზეთისხილი უკვე დაწმენდილი და დამარინადებული გვაქვს. ახლა ზეთის ბუნებრივ დაწმენდას ველოდებით, მარინადს ქილებში გადავიტანთ, ხოლო ზეითუნის ზეთს ბოთლებში ჩამოვასხამთ და ჩვენი პროდუქცია სარეალიზაციოდ მზად იქნება“, - აღნიშნა „ჯეოლაივის“ წარმომადგენელმა.
ალექსანდრე ჩახნაშვილის თქმით, ქართული წარმოების ზეთისხილი და ზეთი სავაჭრო ქსელში თებერვლიდან გამოჩნდება.
„ჩვენი პროდუქციის საცდელი პარტია ბაზარზე თებერვლის შუა რიცხვებში გამოვა. დავაკვირდებით, როგორ გაიყიდება და ამის მიხედვით განვსაზღვრავთ, შევძლებთ თუ არა წარმოების კიდევ უფრო გაფართოებას. საერთოდ, ზეითუნის ზეთი არსებობს ცივად გამოხდილი, რომელიც უმაღლესი ხარისხისაა და ჩვეულებრივი წესით დამზადებული, რომელიც შედარებით დაბალი ხარისხისაა. ჩვენს მიერ წარმოებული ზეთი უმაღლესი ხარისხისაა, იგივე უნდა ვთქვა მარინადზე, რომელიც მაღალი ხარისხის ზეთისხილის ნაყოფისგან იქნება დამზადებული“, - აცხადებს „ჯეოლაივის“ წარმომადგენელი.
ხათუნა ჩიგოგიძე