ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზაზე ახალი 14 კმ-იანი მონაკვეთი აშენდება

ხაშურის შემოვლითი გზის იგივე ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობაზე ზედამხედველობის ტენდერში იტალიურმა კომპანია IRD ENGINEERING -მა გაიმარჯვა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.

საზედამხედველო მომსახურების ღირებულება 4 964 791 დოლარი და 3 643 680 ლარია. ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის 14 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, მსოფლიო ბანკის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისა (EBRD) და ევროპის საინვესტიცო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთი, მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების - ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.

პროექტის ფარგლებში: 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები აშენდება.

ხაშურის შემოვლითი 14 კმ-იანი გზა, რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მიდის. ამ გზით ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს ჩრდილოეთიდან გვერდს ავუვლით და რიკოთის გვირაბთან გავალთ.