ონლაინ-სესხების, მიკროსაფინანსოებისა და ბანკების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი

ონლაინ-სესხების, მიკროსაფინანსოებისა და ბანკების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება დღეს, დღის პირველ ნახევარში გახდება ცნობილი.

როგორც პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ განაცხადა, ამ ეტაპზეც დეტალურად მიმდინარეობს საკითხის შესწავლა, რის გამოც კონკრეტიკისგან თავს იკავებს. მისივე ცნობით, ის პირადად შეხვდა საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს, სადაც მათ თავიანთი მოსაზრებები წარმოადგინეს. მელიქიძე არ უარყოფს, რომ მთავრობის მიერ დეკემბრის ბოლოს წარდგენილი რეგულაციების მიმართ ონლაინ-სესხების, მიკროსაფინანსოებისა და ბანკების წარმომადგენლებს რიგ საკითხებზე მთავრობისგან განსხვავებული პოზიციები აქვთ.

”პრეზიდენტმა აღნიშნულ რეგულაციებს ან უნდა მოაწეროს ხელი ან მოტივირებულად პარლამენტს დაუბრონოს, რასაც უკვე ვეტო ეწოდება. ამ წუთებში ჩვენ დეტალურად გავდივართ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ეხება ამ კანონებს და საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, რაც ხვალ, დღის პირველ ნახევარში იქნება ცნობილი.

ჩვენი დაინტერესებაც და თვითონ საფინანსო სექტორის მესვეურთა დაინტერესებაც იყო, რომ მომხდარიყო ჩემთან შეხვედრა. ჩვენ დეტალურად მოვისმინეთ მათი შეხედულებები და გულისტკივილი და შემდგომ გვქონდა კონსულტაციები ეროვნულ ბანკთან. ამ ეტაპზე ყველა დეტალს გავდივართ და ამიტომ თავს შვიკავებდი კონკრეტიკისგან. ხვალ დეტალური ინფორმაცია გახდება ცნობილი აღნიშნულის შესახებ”, - განაცხადა მაია მელიქიძემ.