გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობმა სილვესტერ სტალონემ ნიკო ფიროსმანის ტილო "წითელპერანგა მებადურის" რეპროდუქცია შეიძინა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ლოს ანჯელესში მცხოვრები ქართველები წერენ. თუმცა, უცნობია, რა თანხად შეიძინა ჰოლივუდის მსახიობმა ქართველი მხატვრის ნამუშევარი. "ბიზნესპრესნიუსი" ცდილობს ინფორმაციის გადამოწმებას და დეტალების დაზუსტებას.
ნიკო ფიროსმანის ტილო "წითელპერანგა მებადურის" ორიგინალი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში, კერძოდ, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ფერწერის ფონდშია დაცული.
ეროვნული მუზეუმის ცნობით, ფიროსმანის ეს ნამუშევარი, რომელიც ამჟამად, ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაშია გამოფენილი, შეფასებული არ არის.
ტილოს შესრულების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა მუზეუმის ცნობით, ნამუშევარი დაახლოებით, 1917-1918 წლებში შეიქმნა.