საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის შემოსავალი 2016 წლის განმავლობაში 9 305.89 ლარი იყო.
ამის შესახებ მის მიერ 2016 წლის 31 დეკემბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია ნათქვამი. ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარედ 2016 წლის ნოემბერში დაამტკიცეს.
2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორობისას ირაკლი კობახიძის შემოსავალი 9 760 ლარი იყო.
დეკლარაციის შევსების მომენტში კობახიძეს „თი-ბი-სი“ ბანკის ანაბარზე - 40 000 დოლარი; სახელფასო ანგარიშზე - 1 842.10 ლარი; ხოლო მიმდინარეზე - 500 ევრო ჰქონდა. ასევე 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პარლამენტის თავმჯდომარის საკუთრებაში იყო 9 500 ლარი ფულადი თანხის სახით.
პარლამენტის მოქმედ თავმჯდომარეს ეკუთვნის თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე მდებარე 157.80 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა და ამავე მისამართზე არსებული 20 კვადრატული მეტრი ფართობის ავტოსადგომი. რაც შეეხება მოძრავ ქონებას, მის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა - VW Tiguan.
კობახიძეს ჰყავს მეუღლე - ნატალია მოწონელიძე და ორი შვილი - გიორგი და ნიკო კობახიძეები.
დეკლარაციის თანახმად, მის მეუღლეს ნატალია მოწონელიძეს ეკუთვნის მსუბუქი ავტომანქანა Nissan Tiida. „რესპუბლიკა“ ბანკის სახელფასო ანგარიშზე აქვს - 2 857.26 ლარი, „თი-ბი-სი“ ბანკის სახელფასოზე - 3 572.34 ლარი, ხოლო დეპოზიტზე - 1 000 ლარი.
რაც შეეხება გასული წლის შემოსავალს, 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორის, იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლის შემოსავალმა - 26 425 ლარი; ხოლო ამავე პერიოდში შსს აკადემიაში ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის პოსტზე - 5 567.50 ლარი შეადგინა.