საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პროგრამის "განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა" პრეზენტაცია გამართა.
ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, პროგრამის მიზანია, საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ასაკისა, დაეხმაროს, მიიღოს სავალდებულო ზოგადი განათლება.
"დღეს, ძალიან სასიხარულო ამბავი გამოვაცხადეთ. ეს არის განათლების ახალი შანსი. საუბარია, იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც მიზეზების გამო ვერ მიიღეს სასკოლო განათლება - მიატოვეს სკოლა, ან ფიზიკურად არ ჰქონდათ სწავლის საშუალება. ჩვენ ვქმნით სისტემას, რომლითაც ასეთ ადამიანებს დავაბრუნებთ სკოლაში. 80 ბავშვი უკვე ვიპოვეთ და შევიყვანეთ დაწესებულებაში, რის შემდეგაც გააგრძელებენ სკოლაში სწავლას. მათ შორის საუბარია ზრდასრულ ადამიანებზე, რომლებმაც მიზეზთა გამო წარსულში ვერ მიიღეს სასკოლო განათლება. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ევროპისკენ, ნაბიჯი პროფესიული და პიროვნული თავისუფლებისკენ, რომელიც არის ჩვენი მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ფუძემდებელი პრინციპი", - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
კითხვაზე, თუ როგორ აპირებს განათლების სამინისტრო ისეთი ბავშვების სკოლაში მიყვანას, რომლებსაც დაბადების მოწმობა არ გააჩნიათ, ალექსანდრე ჯეჯელავა განმარტავს, რომ აღნიშნულ საკითხზე სამინისტრო UNICEF-თან ერთად მუშაობს.
მინისტრის თქმით, ყველა მოქალაქეს შეუძლია სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკოს და აცნობოს ისეთი ბავშვების შესახებ, რომლებიც რიგი მიზეზების გამო სკოლებში ვერ დადიან.
ალექსანდრე ჯეჯელავას განმარტებით, უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის ინდივიდუალური პროგრამები შეიქმნება და ისინი კლასში უმცროს კლასელებთან ერთად არ დასხდებიან.
"პროგრამაში ჩაერთვება ნებისმიერი ადამიანი, შეიძლება ბავშვი ქუჩაში ცხოვრობდეს და სკოლაში ვერ დადიოდეს, ან ადრეული ქორწინების გამო ვერ მოახერხა სკოლის დამთავრება. ასაკობრივი შეზღუდვა არ არის - მოქალაქეს, რომელმაც ვერ მოახერხა სასკოლო განათლების მიღება თავის დროზე, შეუძლია ჩაერთოს ამ პროექტში. ასეთი ადამიანებისთვის ინდივიდუალური პროგრამები იქნება, ისინი არ ისხდებიან უმცროს კლასელებთან ერთად. მომავალში ტექნოლოგიურ სწავლებას გამოვიყენებთ და დისტანციური სწავლება იქნება", - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, პირველ რიგში, მოხდება იმ ბავშვების იდენტიფიცირება, რომლებიც არ დადიან სკოლებში;
შესაძლებელი გახდება იმ მოსწავლეების დროული აღმოჩენა და პრევენცია, რომლებმაც ოჯახური თუ სხვა პირობების გამო, შეიძლება ვერ დაამთავრონ სავალდებულო 9 კლასი; ამოქმედდება სასწავლო პროგრამები მიუსაფარი ბავშვებისთვის; სავალდებულო 9 კლასის ატესტატის არმქონე პირებისთვის შემუშავდება ზოგადი განათლების ისეთი პროგრამები, რაც პროფესიული განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელების წინაპირობა გახდება.