საქართველოს პრეზიდენტმა ონლაინ-სესხების, მიკროსაფინანსოებისა და ბანკების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ხელი მოაწერა.
როგორც კომპანია „ნეტკრედიტის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ზვიად აიწურაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ცვლილებები უკვე ორშაბათიდან, 16 იანვრიდან შევა ძალაში და ბიზნესს ფაქტობრივად ადაპტირებისთვის დრო არ აქვს.
„დეტალები დასაზუსტებელია და ის, თუ რა წერია კანონში, ამ პრობლემის მეორე ნაწილია. ბიზნესის მთავარი წუხილია დრო, რომელიც ცვლილებებზე ადაპტირებისთვის არ გვაქვს,“ - აღნიშნა აიწურაძემ.
მისივე ცნობით, ცვლილებების ასე დაჩქარებული წესით ამოქმედების შედეგად იმაზე საუბარი, თუ რა გავლენას იქონიებს ბიზნესზე, რთულია, რადგან იმდენად სწრაფად მოხდა მათი განხილვა, რომ ბიზნესს გაანალიზების დრო არ ჰქონდა. შესაბამისად, აიწურაძეს უჭირს იმ შესაძლო შედეგზე საუბარი, რაც შეიძლება დადგეს.
აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, კომპანიების წარმომადგენლები პრეზიდენტის ეკონომიკურ მრჩეველს მაია მელიქიძესაც შეხვდნენ. როგორც აიწურაძე ამბობს, შეხვედრაზე მათი მთავარი გზავნილი იყო, რომ ბიზნესს ცვლილებებზე ადაპტირებისთვის დრო არ აქვს.
„გვაქვს კითხვები საქართველოს პარლამენტის მხრიდან ამ კანონპროექტების ფორსირებულ რეჟიმში განხილვასა და მიღებასთან დაკავშირებით. საქართველოს ეროვნულ ბანკთან შევჯერდით შეთანხმებაზე, რომ ყველა ის ტექნიკური ხასიათის ხარვეზი, რომელიც თან სდევს ამ კანონპროექტებს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღმოფხვრილი იქნება“, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მაია მელიქიძემ.