საპარლამენტო უმცირესობა ”გაზპრომის” საკითხზე ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს პარლამენტში იბარებს. როგორც დეპუტატმა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, საპარლამენტო უმცირესობის წევრები შეთანხმდნენ ”გაზპრომის” საკითხზე ენერგეტიკის მინისტრის მოწვევის და უმცირესობის ფორმატში მოსმენის თაობაზე.
სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე „გაზპრომისგან“ გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებდა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით „გაზპრომ ექსპორტის“ მოთხოვნას დათანხმდა. კერძოდ, საქართველო სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ „გაზპრომისგან“ ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ახალი ხელშეკრულება ორწლიანი იქნება, რომლის თანახმად, პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომი წლიდან ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდება.