ნებისმიერი ცვლილება რისკებთან არის დაკავშირებული , - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, სტუდენტთა დაფინანსების წესის ცვლილება დიდ რისკებთან იქნება დაკავშირებული.
ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, არსებული დაფინანსების სისტემა „აწარმოებს უმუშევრებს“, რაც ნიშნავს, რომ უცვლელობა უფრო დიდ რისკებთანაა დაკავშირებული.
„ნებისმიერი ცვლილება რისკებთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, უცვლელობა უფრო დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. ის მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ახლა გვაქვს ქარხანა, რომელიც აწარმოებს უმუშევრებს ანუ გვაქვს დაფინანსების სისტემა უმაღლეს განათლებაში, რომლითაც ბედნიერად, წარმატებით ვაწარმოებთ დიპლომიან უმუშევრებს. ეს ეწინააღმდეგება სტუდენტთა უფლებებს და ჩვენს მოწოდებას“, - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მინისტრის განმარტებით, უმაღლესი განათლების მიზანია პროფესიული თვითრეალიზაცია და არა დიპლომი.
„დაფინანსების სისტემა შესაცვლელი რომ არის, ეს ფაქტია. უნდა გაკეთდეს ცვლილება ჭკვიანურად და მაქსიმალური საზოგადოებრივი ჩართულობით. დაახლოებით ორი კვირის ვადაში ვაპირებთ, განსახილველად წარმოვადგინოთ მოსაზრებები. დღეს გვაქვს რექტორთა საბჭო და იქ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი უმაღლესი სასწავლებლებისგან წარმომადგენლებით, რომელიც იმუშავებს ახალი დაფინანსების სქემის პირველ ვერსიაზე. გაზაფხულზე გვექნება საზოგადოების ფართო ჩართულობა, რომ განვიხილოთ. რისკები ყველა ვარიანტს ექნება, ჩვენი ამოცანაა დასაქმების დონე გაიზარდოს. საბოლოო ჯამში, უმაღლესი განათლების მიზანი არის ადამიანის პროფესიული თვითრეალიზაცია და არა დიპლომის გაცემა, რომელიც არაფერში არ გამოდგება“, - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.