ბალტიისპირეთის ქვეყნები ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრებად რჩება, სადაც მომავალ წელს ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს გააგრძელებს. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი ჩოლობარგიამ ესტონეთსა და ლატვიაში გამართული ქართული ღვინის პრეზენტაციების შემდეგ განაცხადა.
ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაცია სახელწოდებით - „Wines of Georgia”, რომელსაც ირაკლი ჩოლობარგია უძღვებოდა, ტალინსა და რიგაში გაიმართა. პრეზენტაციებს ადგილობრივი და უცხოელი იმპორტიორები, სომელიეები, რესტორნების მეპატრონეები, ღვინის კლუბის წევრები, ღვინის ჟურნალისტები და ბლოგერები დაესწრნენ. ტალინში ერთ-ერთი პრეზენტაცია ესტონეთის სომელიეთა სკოლაში გაიმართა.
„ბალტიისპირეთის ქვეყნები ქართული ღვინის ტრადიციული ბაზრებია, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ ახალ სეგმენტზე - ახალგაზრდებზე, რათა მათ გავაცნოთ ქართული ღვინის კულტურა და ტრადიციები. ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია, რომ ესტონეთის სომელიეთა სკოლის სასწავლო პროგრამაში ქართული ღვინოებიც შევიდა. ღვინის ეროვნული სააგენტო მომავალ წელსაც გააგრძელებს აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს ბალტიისპირეთის ქვეყნებში, როგორც ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრებზე“, - აღნიშნა ირაკლი ჩოლობარგიამ. იხილეთ გაგრძელება