მიმდინარე წელს ოთხი კვირით (20 კალენდარული დღით) „ენგურჰესის“ გაჩერება იგეგმება.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკის დეპარტამენტის უფროსმა, დავით შარიქაძემ განუცხადა, ჰიდროელექტროსადგურის გაჩერება სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს ან მარტში მოხდება.
ჰიდროელექტროსადგურის გაჩერების მიზეზი სადაწნევო დერივაციული გვირაბიდან ფილტრაციის წყლების საგრძნობი მატების მიზეზების დადგენა და აღდგენითი ღონისძიებების დაგეგმვაა.
ამიერკავკასიაში უდიდესი ჰესის - „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ენერგია ნაწილობრივ საქართველოს, ნაწილობრივ კი აფხაზეთის ელექტროენერგიით უზრუნველყოფას ხმარდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ზამთრის პერიოდში გამომუშავებული ელექტროენერგია ფაქტობრივად, სრულად აფხაზეთს მიეწოდება.
ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის თქმით, „სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ელექტროენერგიის თვალსაზრისით აფხაზეთს პრობლემები არ შეექმნას“. დავით შარიქაძემ კი ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ „ენგურჰესის“ გაჩერების პერიოდში დანაკლისი ენერგოსისტემის შიდა რეზერვებისა და იმპორტირებული ენერგიის ხარჯზე უნდა დაბალანსდეს.
ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2016 წელს „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ენერგია 3 568.694 მილიონი კილოვატი საათი იყო, აქედან 1 924.651 მილიონი კილოვატი საათი (53%-ზე მეტი) კი აფხაზეთზე მოდიოდა. 2015 წელს აფხაზეთის უზრუნველყოფას, ჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის 54%-ზე მეტი; 2014 წელს კი 49%-ზე მეტი მოხმარდა.