კოტე იოსელიანი - კარგად ვიცით, ვინ არის ამ სახელმწიფოში „გაზპრომის“ წილის მეპატრონე და ვინ მისი ხელის ბიჭი, რომელიც ნებისმიერ სურვილს შეუსრულებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კოტე იოსელიანი „გაზპრომთან“ მიღწეულ შეთანხმებაში ქართული მხარის მხრიდან რამდენიმე ადამიანის კორუფციულ ინტერესებზე საუბრობს.

როგორც კოტე იოსელიანმა ტელეკომპანია ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა, აღნიშნული შეთანხმებით საქართველო ამიერიდან რუსული გაზის მყიდველი ქვეყანა ხდება.

„ბოლო 15 წელია ხელშეკრულება, რომლითაც ტრანზიტის საფასურს ნატურით ვიღებდით, არ შეცვლილა, მიუხედავად რუსეთის მხრიდან დიდი მოლოდინებისა და დაჟინებული მოთხოვნის, მაგრამ როდესაც ვართ არაფორმალური მმართველობის პირობებში, იმ წუთშივე რუსეთმა დაიკმაყოფილა პირველივე მისთვის ძალიან პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი საკითხი და მოახდინა ამ კონტრაქტის შეცვლა იმ პირობებით, რომელიც ჩვენთვის არის ყოვლად მიუღებელი და წამგებიანი პოლიტიკური თუ წმინდა ფინანსურ-ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს არის შედეგი არაფორმალური მმართველობის. ეს არის შედეგი იმისა, რომ ქვეყანაში არ არსებობს, არ მუშაობს ისეთი დემოკრატიული პრინციპი, როგორიც არის გამჭვირვალობა და როგორც არის საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულება“, - განაცხადა იოსელინმა.

მისივე თქმით, რუსეთს ჰქონდა ბერკეტი, რომ მმართველ გუნდზე ზემოქმედება მოეხდინა და სულ რომ არაფერი გაეკეთებინა მმართველ გუნდს და დაჟინებით დამდგარიყო ერთ პოზიციაზე - რაც ცალსახად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის, არაფერი შეიცვლებოდა და საქართველო ამ სიტუაციიდან თავიდან ბოლომდე მოგებული გამოვიდოდა.

„აქ უბრალოდ საუბარია ერთი, ორი, სამი ან ოთხი ადამიანის კორუფციულ გარიგებაზე აქეთ მხრიდან და იქით მხრიდან პოლიტიკური ინტერესების სრულმასშტაბიან განხორციელებაზე, რაც აინტერესებდა რუსეთს. ჩვენი მხრიდან თავისთავად ჩართულია ის, ვინც არის მომლაპარაკებელი, ის, ვინც მას ავალებს, რომ ჩაერთოს ამ მოლაპარაკებებში და ვინც მას აძლევს ინსტრუქციას, თუ რა როგორ და რა მიმართულებით უნდა წაიყვანოს ეს მოლაპარაკებები“, - განაცხადა იოსელიანმა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აღნიშნა, საქართველოსთვის კონტრაქტის ახალი პირობები ეკონომიკურად წამგებიანია და „ვინაიდან ამ კონტრაქტს ჩვენივე ინიციატივით მოვაწერეთ ხელი, ეს ნიშნავს, რომ ვიღაცას ჰქონდა ინტერესები, რომ ეს კონტრაქტი ძალაში შესულიყო“.

„ვის ჰქონდა ეს ინტერესები, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით - ვინ არის ამ სახელმწიფოში „გაზპრომის“ წილის მეპატრონე და ვინ არის მისი ხელის ბიჭი, რომელიც მას ნებისმიერ სურვილს შეუსრულებს“, - განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, ქართულ მხარეს სახელმწიფო ინტერესები უნდა დაეცვა, თუმცა „ამ ჭიდილში ვიღაცის პირადმა მერკანტილურმა ინტერესებმა გაიმარჯვა“.

„ჩვენ გვქონდა გზა, რომელიც იყო ნათელი და ცხადი, რომ ჩვენ უნდა დაგვეცვა ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები, რაც იქნა გადატანილი მეორე-მესამე პლანზე და ვიღაცის პირადმა მერკანტილურმა ინტერესებმა გაიმარჯვა ამ ჭიდილში“, - განაცხადა იოსელიანმა.

სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე „გაზპრომისგან“ გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებდა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით „გაზპრომ ექსპორტის“ მოთხოვნას დათანხმდა. კერძოდ, საქართველო სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ „გაზპრომისგან“ ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ახალი ხელშეკრულება ორწლიანი იქნება, რომლის თანახმად, პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომი წლიდან ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდება.