„მთავრობასა და კერძო სექტორს შორის სათანადო კომუნიკაცია არ იყო“ - ამის შესახებ პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა, მაია მელიქიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა , რითაც ონლაინ-სესხების, მიკროსაფინანსოებისა და ბანკების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს გამოეხმაურა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტს პრეზიდენტმა ხელი გუშინ მოაწერა.
„თავდაპირველად საკანონდებლო ინიციატორებმა ეს კანონპროექტი სექტორის წარმომადგენლებს გააცნეს, რითაც გარკვეული კომუნიკაცია დაიწყო. ამის შემდეგ კომუნიკაცია შეწყდა და პოსტფაქტუმ იგებენ ბიზნესის წარმომადგენლები, რომ პარლამენტში ეს კანონი დაჩქარებული წესით განიხილეს და სამი მოსმენით მიიღეს. როცა კანონში ჩაიხედეს, აღმოჩნდა, რომ კანონპროექტში აღარც ის შეთანხმებები იყო გათვალისწინებული, რაზეც კერძო სექტორი და კანონის ავტორები შეთანხმდნენ“, - განაცხადა მელიქიძემ.
პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი პროგნოზირებს, რომ ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, რომელიც ძალაში უკვე 16 იანვრიდან შევა, ონლაინ-სესხების რამდენიმე ორგანიზაციას ბაზრიდან გასვლა მოუწევს.
„ვიღაცისთვის გამოსავალი შესაძლოა იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციად გადაკეთება. რამდენიმემ სწორედ ეს გზა აირჩია. ამასთან ერთად მათ დაუწესდათ საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი, რაც გარკვეული საფინანსო პროდუქტების ბაზრიდან გაქრობას გამოიწვევს. ონლაინ-სესხების რაოდენობიდან გამომდინარე ქვეყანაში მოთხოვნა ასეთ პროდუქტზე მაღალია. ამ რეგულაციების მიღებით კი ეს მოთხოვნა საბანკო სექტორში და ე.წ მევახშეებში გადაინაცვლებს. სწორედ აქ დავინახეთ რისკები. ქვეყანაში 400 მილიონი ერთეული ონლაინ-სესხია გაცემული, მაშინ როცა ქვეყანაში მოსახლეობა 3,7 მილიონია.
აქვე გასათვალისწინებელია სრულწლოვანთა რაოდენობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ ადამიანს რაოდენობრივად და თანხობრივადაც საკმაოდ დიდი თანხა აქვს აღებული ონლაინ-სესხის სახით. გამოდის, რომ ქვეყანაში მოთხოვნა ასეთ ფულზე არის და იქნება. კითხვა გვაქვს ასეთი - ამ რეგულაციების პირობებში არსებული მოთხოვნა როგორ დაკმაყოფილდება? გადაინაცვლებს თუ არა ეს მოთხოვნა საბანკო, ანუ რეგულირებად სექტორში თუ ჩრდილოვან სექტორში გადაინაცვლებს, მევახშეებს ვგულისხმობ, რომელთა რეგულირების ბერკეტი ჩვენ არ გავქვს,“ - აღნიშნა მიქელაძემ.