„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა მიიჩნევს, რომ „გაზპრომის“ საკითხზე ამ მოცემულობაში ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა ტელეკომპანია ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” აღნიშნულ თემაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ის გუნდი, რომელმაც ქართულ კომპანიებსა და სტრატეგიულ ობიექტებში რუსული კომპანიები შემოიყვანა. ამ კონტექსტში ზარქუამ „თელასი“ დაასახელა.
მისივე თქმით, სწორედ სააკაშვილის გუნდი და კონკრეტულად კახა ბენდუქიძე იყო, რომელიც მხარს უჭერდა რუსეთისთვის გაზსადენის მიყიდვას, „რაც იქნებოდა რუსეთისთვის დამატებითი სერიოზული ბერკეტი, რათა საქართველოზე გავლენა მოეხდინა“.
როგორც ზარქუამ აღნიშნა, 2009 წელს რუსეთის წილი ჩვენი ქვეყნის გაზმომარაგებაში იყო 22%, 2010 წელს - 17%, ბოლო წლებია რუსეთის წილი 10-12%-ის ფარგლებში დავიდა და ახალი ხელშეკრულების თანახმადაც, რუსეთი ზუსტად იგივე პროცენტის ფარგლებში დარჩა.
„ჩვენი მთავარი მიღწევა არის ის, რომ ჩვენ რუსეთს არ მივეცით საშუალება, რომ გაეზარდა მისი წილი ჩვენს გაზმომარაგებაში და ის რჩება და კლებადი ტენდენციით მიდის. მეორე - ჩვენ ფასი, რომელიც გვქონდა 215 დოლარი, დავაკლებინეთ და 185 დოლარამდე ჩამოვიდა. მესამე - რაც რუსეთს უნდოდა არის ის, რომ როგორმე მიეღწია იმისთვის, რომ ჩვენ, საქართველოს გეგმური შესყიდვები განგვეხორციელებინა რუსეთისგან, რაზეც ჩვენ ვუთხარით, რომ ამ პირობას არ მოვაწერდით ხელს. თუ დასჭირდა საქართველოს დამატებითი ბუნებრივი აირი, ამ შემთხვევაში შეიძლება გადაიხედოს. პრიორიტეტი იქნება აზერბაიჯანი და შემდეგ იქნება რუსეთი. ეს არის რეალობა, მაგრამ ოპოზიცია და განსაკუთარებით „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც მთელი წლების განმავლობაში თავისი პოლიტიკით ხელს უწყობდა რუსული ინტერესების გატარებას ქვეყანაში, დღეს გამოვიდა, რათა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და რაღაც ქულები დააგროვონ. ერთი ფრთა მეორე ფრთას ებრძვის, რომ როგორმე ამაში სარგებელი ნახონ. ამ მოცემულობაში ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნა მიღებული“, - განაცხადა ზარქუამ.
სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე „გაზპრომისგან“ გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებდა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართული მხარე სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ „გაზპრომისგან“ ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ახალი ხელშეკრულება ორწლიანი იქნება, რომლის თანახმად, პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომი წლიდან ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდება.