ნიდერლანდებში ყველა მატარებელი ქარის ენერგიაზე გადაიყვანეს

ნიდერლანდებში ყველა მატარებელი ქარის ელექტროენერგიაზე მუშაობს. ამის შესახებ The Guardian-ს ნიდერლანდების რკინიგზის კომპანია Nederlandse Spoorwegen-ში განუცხადეს. "1 იანვრიდან ჩვენი მატარებლების 100% ქარის ენერგიაზე მუშაობს", - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა ტონ ბოონმა.

ორი წლის წინ, ჰოლანდიურმა კომპანია Eneco-მ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა და Nederlandse Spoorwegen-თან 10-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

ყველა მატარებლის ქარის ენერგიაზე გადაყვანა 2018 წლის იანვრისთვის იგეგმებოდა, თუმცა, სპეციალისტებმა ამოცანას თავი ერთი წლით ადრე გაართვეს. როგორც ტონ ბოონი აღნიშნავს, ეს ნიდერლანდებში ქარის ძრავების სიმრავლით არის განპირობებული.

როგორც Eneco-სა და Nederlandse Spoorwegen-ის წარმომადგენლები აცხადებენ, ერთი ქარის ძრავას ერთსაათიანი მუშაობის შედეგად, მატარებელს 200 კილომეტრის დაფარვა შეუძლია.

Nederlandse Spoorwegen-ის 5500 მატარებელი, დღეში ნახევარ მილიონამდე მგზავრს ემსახურება. 2020 წლისთვის, კომპანია აპირებს ერთ მგზავრზე ენერგიის ხარჯები 35%-ით შეამციროს.

წყარო ALLNEWS.GE