თბილისის მერი დავით ნარმანია ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩაზე მშენებარე კორპუსთან დაკავშირებით „კანონიერ გამოსავლად საკითხის სასამართლოში გასაჩივრებას“ მიიჩნევს. დავით ნარმანიას განცხადებით, მერიამ მოსახლეობასა და ინვესტორს შესთავაზა, რომ ერთმანეთში მოელაპარაკათ. თბილისის მერის თქმით, ძალიან ცუდია, რომ მოსახლეობამ და ინვესტორმა ერთმანეთში ვერ მოილაპარაკეს.
„ჩვენ მათ მივეცით გარკვეული პერიოდი და შევთავაზეთ, რომ ერთმანეთში მოელაპარაკათ და გარკვეული შეთანხმების შემდეგ ჩვენთან შეთანხმების პროექტი წარმოედგინათ. ჩვენ არ გამოვრიცხეთ ის ვარიანტიც, რომ საჭიროების შემთხვევაში, მოგვენაცვლებინა ინვესტორისთვის ტერიტორია, თუმცა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ინვესტორი ამაზე არ მოდის, ამიტომ როგორც ჩანს, ერთადერთი კანონიერი გამოსავალი ეს არის საკითხის სასამართლო წესით გასაჩივრება“, - განაცხადა ნარმანიამ.
როგორც თბილისის მერმა განაცხადა, აღნიშნულ ტერიტორიას ოფიციალურად სკვერის სტატუსი არ აქვს.
„მშენებლობის მოქმედი წესები და ნორმები დაცულია და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მშენებლობის ნებართვა გაცემული, თუმცა ბუნებრივია მოსახლეობის მოთხოვნა, რომ მათ თავიანთი საცხოვრებელი სახლის ახლოს დამატებითი მშენებლობის გაჩენა არ სურთ, რომელიც გარკვეულ თავისუფალ ტერიტორიას წაიღებს, თუმცა მეორე მხრივ, ინვესტორის ინტერესებს თუ შევხედავთ - ინვესტორს ტერიტორია საკუთარებაში გააჩნია და შესაბამისად, თავის საკუთარებაში სჭირდება მას განვითარება“, - განაცხადა ნარმანიამ.
ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც კორპუსის მშენებლობა გააპროტესტეს. როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, კორპუსს რეკრეაციულ ზონაში აშენებენ.